იუსტიცის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებს - ნაზი ჯანეზაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:27 | 24.12.2018
ნანახია: 727

შოკირებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, ეს სია კრიტიკას ვერ უძლებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას, დანარჩენი წევრების მოსაზრებები არ გაითვალისწინა.

„ბოლო წუთამდე მქონდა მოლოდინი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასე არ მოიქცეოდა და პროცედურების მინიმალურ სტანდარტს მაინც დააწესებდა. თუმცა ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა განახლებული კონსტიტუცია, ერთი კვირის თავზე საკითხი დღის წესრიგში დააყენეს. შოკირებული ვარ, რომ საბჭო არ ითვალისწინებს სხვა წევრების მოსაზრებას. მოხდა ისე, როგორც სჩვევიათ. საბჭო ასეთ ისტორიულ საკითხს მეორედ აღარ განიხილავს, რადგან პირველად მოხდა ქვეყნის ისტორიაში, რომ საბჭო წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში. სასაცილოა, იციან თუ არა 10-მა ადამიანმა, რომელიც სიაშია წარმოდგენილი, კანდიდატები რომ არიან. ალბათ, იციან და ამაზე ჩვენ ოფიციალური ინფორმაცია გვჭირდება”, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მოგვევლინება, სასამართლო სისტემას თავისი გავლენებით, სერიოზული ზიანი მიაყენა.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე, როგორც ჩანს, მოგვევლინება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, გიორგი მიქაუტაძემ თავისი კანდიდატურა დააყენა და როგორც ჩანს, პრეტენზია აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. სიაში შესაძლოა, რამდენიმე ღირსეული ადამიანი ნახოთ, მაგრამ მიხეილ ჩინჩალაძე არის ადმიანი, რომელმაც სასამართლო სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა თავისი გავლენებით. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს, როგორ წავა პროცესები პარლამენტში. იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ამ სიას”,- აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე