ქართველი ხალხის სახელით გეუბნებით, რომ ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ - დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს

საქართველო, თბილისი - 15:24 | 24.12.2018
ნანახია: 762

დღეს თქვენ პროცესუალურად და შინაარსობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, ამას ქართველი ხალხის სახელით გეუბნებით, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს წევრებს მას შემდეგ, რაც საბჭოს მდივანმა უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურა დაასახელა.

დოლიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ რეალურად ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია.

„მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა თქვენი და სასამართლო სისტემის მიმართ, ნამდვილად არ მეგონა, საკუთარი კარიერის გადასარჩენად თუ ამ დონემდე დაეცემოდით, იმ ბოლო ტოტსა და ნაფოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ რეალურად ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ თქვენ დაგაკისრათ“, - მიმართა საბჭოს წევრების უმრავლესობას ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე