ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი აუქციონზე 9 ათას ლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 19.12.2018
ნანახია: 1250

რესტორან „ფუნიკულიორში“, სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.

პირველად საქართველოში, ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების ისტორიული ნივთები გაიყიდა, შემოსული თანხა კი მთლიანად საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბერშუეთის საჯარო სკოლას მოხმარდება. ეს სოფელი საოკუპაციო ზოლიდან 500 მეტრში მდებარეობს, სადაც სპორტული დარბაზი უმძიმეს მდგომარეობაშია.

საქველმოქმედო აუქციონის დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ გამოაცხადა, რომ სამინისტრო სკოლას ინვენტარით დაეხმარება.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა კი სოციალურ კამპანიაში („ძლიერები არ ძალადობენ“) აქტიური მონაწილეობისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელის ორი ჟურნალისტი, ნინო გაბელია და ელენე ბილიხოძე საგანგებო პრიზებით დააჯილდოვა.

ყველაზე ძვირად ნიკოლოზ ბასილაშვილის ის ჩოგანი გაიყიდა, რომლითაც ქართველ ჩოგბურთელს მოგებული აქვს ჰამბურგის პირველობა და შანხაის მასტერსი – მისმა მყიდველმა 9000 ლარი გადაიხადა.

ლაშა ტალახაძის ფინკა, რომლითაც 2018 წელს აშხაბადში 7 მსოფლიო რეკორდი და 3 ოქროს მედალი მოიპოვა 4000 ლარიანი მყიდველი გამოუჩნდა. ზაზა ფაჩულიას ავტოგრაფიანი მაისურა – 3100 ლარად გაიყიდა, ხოლო
გიორგი ჩაკვეტაძის „გენტის“ მაისურა – 2500 ლარად.

საქართველოსა და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების გაყიდვით აუქციონზე 34,570 ლარი შეგროვდა, რომელიც მთლიანად მოხმარდება საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს, ამორტიზებული სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა.

წყარო: 1tv.ge

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე