გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:26 | 14.12.2018
ნანახია: 653

16 დეკემბერი არის ისტორიული დღე გამომდინარე იქიდან, რომ ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, ამ დოკუმენტის მთავარი მიღწევა გახლავთ ის, რომ სრულად იქნება გამორიცხული ნებისმიერ პირობებში ავტოკრატიის განმეორება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა სრულად საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რაც საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა. მისივე თქმით, 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებაა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი.

„ჩვენ გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც არის საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ყველაზე დემოკრატიული მმართველობის ფორმა და როგორც მოგეხსენებათ, ასევე, 2020 წლიდან ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ასევე, შემოღებული იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რაც იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. თქვენ ნახეთ, რა პროგნოზს ვაკეთებდით ჩვენ, რომ არ არის თავსებადი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები საპარლამენტო მმართველობასთან და ამის საუკეთესო დასტური იყო ეს საპრეზიდენტო არჩევნები გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატები ვერ გამოდიოდნენ პროგრამებით და რეალური დაპირებებით. მათ, ხშირ შემთხვევაში, უწევდათ ტყუილი დაპირებების გაცემა და ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ და ასევე, კონცენტრირებული იყო ეს არჩევნები მთლიანად პიროვნულ თავდასხმებზე, შეურაცხყოფაზე, აგრესიაზე და ეს იყო იმ ნონსენსის გამოძახილი, რასაც ჰქვია საპარლამენტო მმართველობაში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს არის არასწორი და ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტის შემდეგი არჩევნები ჩატარდება უკვე არაპირდაპირი წესით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერებას უკავშირდება. მისი თქმით, კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად, ამოქმედდება რეგლამენტი, რომელიც პარლამენტს კონკრეტულ და ქმედით ბერკეტებს ანიჭებს.

„კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად, იმავე დღეს ამოქმედდება პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელი მიიღო რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა. ახალი რეგლამენტი, კონსტიტუციასთან ერთად, პარლამენტს ანიჭებს კონკრეტულ, ძალიან ქმედით ბერკეტებს იმისთვის, რომ განხორციელდეს სათანადო ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. ეს მოიცავს, მათ შორის, უშუალო კომუნიკაციას პარლამენტსა და მთავრობას შორის, მთავრობის წევრების დასწრებას საპარლამენტო სხდომებზე, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო სხდომები. ამ კუთხით, მნიშვნელოვნად ფართოვდება პარლამენტის ბერკეტები და ამას ყველაფერს ვნახავთ ჩვენ პრაქტიკაში უკვე მომავალი წლიდან, როდესაც სრულად იქნება ამოქმედებული ეს ცვლილებები",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, საპარლამენტო მმართველობის პირობებში, პარლამენტი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში საკვანძო ორგანო ხდება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ გამოწვევისთვის პარლამენტი მზად არის და ამის შედეგებს პრაქტიკაში ვნახავთ. მან საპარლამენტო საქმიანობაში არსებულ ხარვეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ხარვეზების გამოსასწორებელი კონკრეტული გეგმა აისახა კონსტიტუციასა და რეგლამენტში.

„იყო მთელი რიგი ხარვეზები პარლამენტის საქმიანობაში, ამ ორი წლის განმავლობაში. ჩვენ ამ ხარვეზებზე ვსაუბრობდით ღიად, თუმცა, ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ გვქონდა კონკრეტული გეგმა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. ამაზე ჩვენ ვიმუშავეთ, მათ შორის, ეს ყველაფერი ავსახეთ კონსტიტუციაში, რეგლამენტში და პრაქტიკაში უკვე ეს ყველაფერი აისახება მომავალი წლიდან. ამის შედეგებს ჩვენი საზოგადოება იხილავს ძალიან მალე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე