უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის, ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 10.12.2015
ნანახია: 2036

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციისთვის, ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, გოდერძი არქანია, ბორის შელია და ლაშა წიფურია დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თამაზ ბუკია და სერიოჟა კვიტატიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მათი თანამზრახველების ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 14 საწარმო, რომელთა შექმნის მიზანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალის შემდგომი რეალიზაცია. ვინაიდან ხის მასალა უკანონოდ იყო მოპოვებული, ბრალდებულები მათ მართვაში არსებულ საწარმოთა შორის ახდენდნენ ფიქტიურ ოპერაციებს, რითაც ქმნიდნენ ყალბ მონაცემებს მასალის ნაშთის შესახებ, შემდგომში კი გაყალბებულ დოკუმენტაციას იყენებდენენ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის თბილისში ტრანსპორტირებისა და რელიზაციისათვის.

საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოყენებით რეალიზებულია 3 200 000 ლარის (დაახლოებით 6 800 კუბურ მეტრი) უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა, ხოლო მათი საწარმოების მხრიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 1 250 000 ლარს აღემატება.

დანაშაულში მონაწილე ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 2-ე ნაწილის   „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე