საქალაქო სასამართლოს ცნობით, ინფორმაცია, რომ მეუფე იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა დაევალა, მცდარია

საქართველო, თბილისი - 16:31 | 11.12.2018
ნანახია: 842

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მეუფე იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის ბოდიშის მოხდა დაევალა, მცდარია.

როგორც საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, ასეთ შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს.

მათივე ცნობით, მოპასუხეს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

"11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა, მოსარჩელე მიხეილ რ.-სა და მოპასუხე კონსტანტინე ი.-ს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის არსს წარმოადგენდა ტელეკომპანია ,,იბერია“-ს ეთერში, გადაცემა ახალ ამბებში მოხსენიებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის დადგენა, ამის შესახებ ცნობის გამოქვეყნება და ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება.

საქმე ეხება, 2017 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელის მისამართით მედიაში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელე მოიხსენია, როგორც მაბეზღარა ადამიანი და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს.

მას შემდეგ, რაც სხდომაზე დაიკითხა სანდრო გირგვლიანის ოჯახის წარმომადგენელი და ასევე სხვა ადვოკატი (რომელიც მოსარჩელესთან ერთად იცავდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იმ საქმეში), რომლებმაც ხაზი გაუსვეს მოსარჩელის კეთილსინდისიერებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

მცდარია განცხადება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დაევალა ბოდიშის მოხდა, ასეთ შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს. მოპასუხეს დაეკისრა საჯაროდ გაცხადება იმისა, რომ მის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; მოპასუხეს ასევე დაეკისრა სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი, რომლითაც ის ქორეპისკოპოს იაკობს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, დააკმაყოფილა.

ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლე ირაკლი კოპალიანის გადაწყვეტილებით, ქორეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დაეკისრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე