"ქართული მარშის" აქციის გამო, იუსტიციის სახლი მომხმარებლებს შეფერხებით ემსახურება

საქართველო, თბილისი - 14:20 | 10.12.2018
ნანახია: 672

იუსტიციის სახლთან, დღეს, დილის 09:00 საათიდან მიმდინარე აქციის გამო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მორატორიუმის ნაწილობრივ გაუქმებას ეხება, იუსტიციის სახლი მომხმარებლებს შეფერხებით ემსახურება. 

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანს და ზვიად ტომარაძეს შეხვდა.

"შეხვედრისას გივი აზაურაშვილმა, მოქალქეთა ინტერესების გათვალიწინებით, სთხოვა საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, რომ აქცია 5 მეტრით მოშორებოდა იუსტიციის სახლის შესასვლელს, რათა მოქალაქეებს არ შეზღუდვოდათ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის უფლება. გივი აზაურაშვილმა ასევე განუმარტა, რომ იუსტიციის სახლი არ შეუშლის ხელს მათ გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა ამავე დროს საჯარო ორგანიზაცია, ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, რომელიც სერვისის მიწოდების შეფერხების გამო ირღვევა", -ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე იუსტიციის სახლის შესასვლელებთან კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, ხოლო მომხმარებელთა ნაკადის მიღება ჩვეულ რეჟიმში კვლავ ვერ ხორციელდება. მიწის რეგისტრაციის გარდა იუსტიციის სახლი 400-მდე სხვა სერვისსაც გასცემს.

ცნობისთვის, იუსტიციის სახლთან აქციას ე.წ. "ქართული მარში" მართავს.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე