ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:56 | 10.12.2018
ნანახია: 656

ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ გააკეთა.

სახალხო დამცველის თქმით, ია კერზაიას საქმის შესწავლა დაიწყება არა მხოლოდ პოლიტიკური დისკრიმინაციის მიმართულებით, არამედ ზეწოლის მიმართულებითაც. მისივე განცხადებით, საქმის შესწავლა ოჯახთან კომუნიკაციის შემდეგ დაიწყეს.

„ჩვენთან არის შემოსული წერილი, რითიც განმცხადებელი ითხოვს დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. გადავწყვიტეთ, რომ შევისწავლოთ ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ყოველმხრივად, არა მხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ არის თუ არა სხვა სამართალდარღვევის ნიშნები იმიტომ, რომ აქ საუბარი არის ზეწოლაზე, საარჩევნო მიზნებით, საუბარი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამიტომ, ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

ია კერზაია 2 დღის წინ გარდაიცვალა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

ინსპექტირების სამსახურმა სკოლა გასული თვის შუა რიცხვებში შეამოწმა და დასკვნაში რამდენიმე დარღვევაც დააფიქსირა, რომელიც სკოლის სამეურვეო საბჭოს გამოუგზავნა.

სამეურვე საბჭოს წევრი პედაგოგების ინფორმაციით, კი აღნიშნული დარღვევება გამოსწორებადი იყო და ისინი დირექტორის ამ მიზეზით გათავისუფლებას არ დაეთანხმნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე