დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდი - სახალხო დამცველი

საქართველო, თბილისი - 13:19 | 07.12.2018
ნანახია: 755

დაძაბულობის, პოლარიზებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფონზე მიმდინარეობდა წინასაარჩევნო, განსაკუთრებით, კი მეორე ტურის ჩატარებამდე პერიოდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, უპრეცედენტოდ აგრესიული და შეურაცხმყოფელი კამპანიის სამიზნე გახდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რის გამოც სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებას დაეცვა გაეროს დეკლარაციისა და ეუთოს სახელმძღვანელო დოკუმენტის პრინციპები ადამიანის უფლებების დამცველების თაობაზე სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის დროს. 

"საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საჯარო მოხელეებზე, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსა და ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფზე ზეწოლის და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე. საგანგაშო იყო ინფორმაცია ცალკეული კანდიდატების მხარდამჭერთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, აუცილებელია, მოხდეს დანაშაულის პრევენცია, ასევე დანაშაულის ჩამდენ პირთა დროული იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარება", - ნათქვამია ანგარიშში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე