ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია მედიკამენტურ მკურნალობამდე - ომბუდსმენი

საქართველო, თბილისი - 12:43 | 07.12.2018
ნანახია: 1065

ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში, - ამის შესახებ ნათქვამია  საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“.  

ანგარიშში წერია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტისა და 2015 – 2020 წლის სამოქმედო გეგმის არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვნადაა დარღვეული სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები.

„სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია მედიკამენტურ მკურნალობამდე. ასევე,  ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. სახალხო დამცველი ზოგადად მიესალმება სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული არაადამიანური პირობების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ უკიდურესად მძიმე პირობები კვლავ რჩება ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რაზეც მისაღებია დაუყოვნებლივი და მყისიერი ზომები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინსტიტუციებში მინიმალური პირობების შექმნა საბოლოო გამოსავალი არ არის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, სათემო სერვისების განვითარება“, - წერია ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველმა, გამოაქვეყნა ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“.  ანგარიში 2018 წლის 11 თვეს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, 11 თვეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შევიდა 7350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებს შეეხება. გაზრდილია მიმართვიანობა საქართველოს რეგიონებიდან, სხვადასხვა მათ შორის, ბავშვის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ. ამავე პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 3395 მოქალაქე; საქალაქო ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა მოქალაქეების 8089 ზარი. სახალხო დამცველის მიერ ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად გაცემულია 90 რეკომენდაცია/წინადადება.  2018 წლის მანძილზე მომზადდა 11 სპეციალური ანგარიში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე