ეს დღე დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:43 | 06.12.2018
ნანახია: 107

ბუნებრივია, მაქვს დიდი მოლოდინი, რომ კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მას იმედი აქვს, რომ ინაუგურაციაზე ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი.

„ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება, პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრები, ჩვენი საგარეო უწყების პროტოკოლი გზავნის მოსაწვევებს ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები ან აკრედიტებული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა, ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმედი მაქვს, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ინაუგურაციაზე მას საკუთარი კონტაქტებით პირადი უცხოელი სტუმრებიც ეყოლება.

„ვფიქრობ, სასურველია, მათაც გავაცნოთ საქართველო და ამითაც გამოვიყენო ეს ღონისძიება, რომ გაიცნონ საქართველო, თელავი და კახეთი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე