როგორ გადავარჩინოთ მომავალი თაობა, დედამიწა და მზე?!

საქართველო, თბილისი - 09:54 | 05.12.2018
ნანახია: 3273

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის პროფესორებს, სტუდენტებს, ყველას, ვინც ესწრება შეხვედრას და ვისაც გაეხარდა ჩემი ნახვა საქართველოში. თბილისში გრძელი გზის გავლის შემდეგ ჩამოვედი  და ისეთი თბილი შეხვედრები მქონდა, დაღლა დამავიწყდა“, – ასე დაიწყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თავისი ლექცია,  ნობელის პრემიის ლაურეატმა, ტუსკიას (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორმა, ხმელთაშუა ზღვის აუზის კლიმატის ცვლილების ცენტრის (CMCC) სტრატეგიულმა დირექტორმა, ბატონმა რიკარდო ვალენტინიმ.

ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო რანგის მეცნიერებს – რიკარდო ვალენტინის და ჯუზეპე ერამოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის  წოდება მიენიჭათ: „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ამ სახით გადაგვეხადა მადლობა პროფესორ რიკარდო ვალენტინისა და დოქტორ ჯუზეპე ერამოსთვის, მათი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის ჩვენს უნივერსიტეტთან, რაც არაერთი წელია გრძელდება. ნობელიანტი რიკარდო ვალენტინი ბიოფიზიკოსია და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების ავტორია. ის კლიმატის ცვლილების ექსპერტთა ჯგუფის – IPCC-ის წევრია. 2015 წელს მას „ევროპის საუკეთესო ეკოლოგის“ ტიტული მიენიჭა. მისი კვლევები დაკავშირებულია ეკოსისტემების ფართომასშტაბიან რეგიონულ შეფასებასათან და ძალიან ღირებულია მსოფლიო მასშტაბით. სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა ეკოსისტემების მეტროლოგიური მონიტორინგის გლობალური ქსელის დანერგვა. მისი მონაწილეობით შესრულდა არაერთი პროექტი NASA-ს და ევროკომისიისთვის. ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევარები, რიკარდო ვალენტინისთან ერთად, ეკოსისტემის მონიტორინგის ისეთი ქსელის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც საქართველოს მოერგება და მისი დანერგვით ჩვენი ქვეყნისთვის არაერთი პრობლემა გადაიჭრება. ორივე მეცნიერი ჩამოსულია სამუშაო ვიზიტით. ვგეგმავთ, სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავებას, მათ შორის HORIZON 2020-ში მონაწილეობისთვის, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს, განავითაროს და გააღრმავოს საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.

რიკარდო ვალენტინიმ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია თემაზე: „გლობალური დათბობის გამოწვევები ახალ ათასწლეულში“.

როგორ გადავარჩინოთ დედამიწა განადგურებას, მიზეზები, რაც კაცობრიობის წინაშე ევოლუციის შესაბამისად წარმოიშვა – მწარე რეალობა და პრობლემების გადაჭრის გზები.  თემები,  სადაც მთავარი სიტყვა მეცნიერებმა, უნივერსიტეტებმა უნდა თქვან. სწორედ ეს იყო  რიკარდო ვალენტინის ლექციის მთავარი საკითხები, რომელმაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

გთავაზობთ რიკარდო ვალენტინის ლექციიდან საინტერესო ამონარიდებს:

ცნობილი ფაქტია: ატმოსფეროში ჟანგბადი იწამლება რადიოაქტიური აირებითა და ნაწილაკებით, მანქანების გამონაბოლქვით. სასუქების და შხამქიმიკატების გამოყენება კი აბინძურებს ნიადაგს, წყალს, რაც იწვევს სხვადასხვა დაავადების გავრცელებას. თუ არ შევცვლით იმ ენერგიის გამოყენების წესს, ჩვენს მომავალ თაობას შეიძლება სხვადასხვა პლანეტაზე მოუწიოს გადასახლება. სამწუხაროდ, ბევრი დრო არ დაგვრჩა, მომავალმა თაობამ უნდა იმოქმედოს, თორემ დაახლოებით 20 წელში ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნება, გაცილებით საშიში, ვიდრე დღეს გვაქვს.

კაცობრიობის მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალი ტექნოლოგიების ისე გამოყენება, რომ ჩვენ შევძლოთ ცხოვრების წესის შევცვლა. პლანეტა ყოველდღე გამოგვყავს  წონასწორობიდან ჩვენი ცხოვრებით, რესურსების გამოყენებით, ადრე თუ გვიან, მას შავ ხვრელში შევიყვანთ.

მთავარი, რაც ჩვენ გვინდა ავირიდოთ, არის ის, რომ მყარი მდგომარეობიდან არ გამოვიყვანოთ პლანეტა, რომელიც ახლოსაა ამ მგომარეობამდე მისასვლელად.

ადამიანი, ცხოველებისა და მცენარეებისგან განსხვავებით, არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემოს და მას ტექნიკის დახმარებით თავის მოთხოვნილებებს არგებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს, რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას. გარემოსადმი ზიანის მიყენების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ჯერ კიდევ 10 000 წლის წინ, როცა ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. მოგვიანებით, ბერძნებმა და რომაელებმა საწვავსა და გემთმშენებლობისთვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხეს ტყე. დღეს მსოფლიო მასშტაბით არსებობს საფრთხე ნგრევისა და ამით ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის  შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, ოზონი, კლიმატი), ჯუნგლის განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება, ატომური აფეთქება და ა.შ.

გარემოს დაზიანებით მიღებული შედეგებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება-გაქრობა, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის (ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური…  მიზეზები კი სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, მანქანებისა და ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი, ადამიანთა დაუდევრობა, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავს წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისთვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავს ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს გარემოს განადგურებას. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა.

დღეს ჩვენ უამრავი პრობლემა გვაწუხებს, რომლის მოგვარებასაც ყოველდღიურად ვცდილობთ. სწორედ ეს პატარ-პატარა პრობლემები გვავიწყებს იმ უმთავრეს საკითხს, რომელზე ფიქრი და ზრუნვა აუცილებელია. ესაა გლობალური დათბობა, რომელიც უმნიშვნელოვანესი საკითხი და უმთავრესი პრობლემაა დღევანდელი ადამიანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური დათბობის შესახებ ჯერ კიდევ 1885 წელს, ცნობილმა ქიმიკოსმა სვანტე არენიუსმა იწინასწარმეტყველა, ამ საკითხმა აქტუალობა მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოიპოვა. სწორედ მე-20  საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, გახდა ცნობილი თანამედროვე კლიმატის ცვლილებები, როდესაც შეამჩნიეს მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გახშირდა კლიმატური კატასტროფები. თუმცა ამ აღმოჩენების მიუხედავად ბუნების დამცველებს საზოგადოება დასცინოდა და მათ ნათქვამს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. დღეს უკვე აშკარაა, რომ გლობალური დათბობა რეალური და სერიოზული პრობლემაა, რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. თანამედროვე კლიმატის ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით და პირდაპირ უკავშირდება ინდუსტრიალიზაციას. მეცნიერები ადასტურებენ, რომ გლობალური დათბობის მთავარი მიზეზი ატმოსფეროში არსებული მავნე გაზებია. CO2, ბუნებრივი საწვავების – ნახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვისას გამოიყოფა საკმაოდ დიდი რაოდენობით. მისი კონცენტრაცია კი ატმოსფეროში სულ უფრო იზრდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სულ მალე დედამიწაზე ნახშირორჟანგის ისეთ კონცენტრაციას მივაღწევთ, როგორიც არ ყოფილა 50 მილიონი წლის განმავლობაში. ამ ყველაფერს კი, თავის მხრივ, მივყავართ ტემპერატურის ისეთ ცვლილებებთან, რომელიც მომაკვდინებელი აღმოჩნდება კაცობრიობისთვის. „სათბურის აირების“კონცენტრაციის ზრდა ატმოსფეროში, პირდაპირაა კავშირში “სათბურის ეფექტთან”, რომლის დროსაც მზისგან მიღებული სითბო არეკვლისას უკან ვეღარ ბრუნდება და სწორედ ამიტომ ხდება კლიმატის მკვეთრი ცვლილება. რა თქმა უნდა, სათბურის ეფექტი ბუნებრივად იყო დაბალანსებული, თუმცა ანთროპოგენულმა ფაქტორებმა, ადამიანის უხეშმა ჩარევამ და საწვავის, ელექტროენერგიის ულევმა გამოყენებამ, ტყეების მასობრივმა გაჩეხვამ, ეს ეფექტი მეტად სახიფათო გახადა. იცვლება არა მარტო ტემპერატურა, არამედ წვიმების სიხშირე, თოვლისა და ყინულის საფარი, ზღვის დონე. სწორედ მავნე გაზები და ტოქსინები, რომლითაც გაჟღენთილია ჰაერი, იწვევს უკურნებელ და მძიმე დაავადებებს, რომლის გამოც ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება.

ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვაც გლობალური დათბობის ერთ-ერთი მიზეზია. ჩვენ თავად ვანადგურებთ იმ თავდაცვის საშუალებას, რომელიც ბუნებამ გვაჩუქა. ხეები ხომ შთანთქავენ ნახშირორჟანგს, ასუფთავებენ გარემოს, გვიცავენ ხმაურისა და ბუნებრივი კატასტროფებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები უკვე აშკარა ფაქტების წინაშე დავდექით და სრულიად ვაცნობიერებთ იმას, რომ გლობალური დათბობა სავალალო შედეგებს მოგვიტანს, ჩვენ მაინც აქტიურად განვაგრძობთ ხეების ჩეხვას, მწვანე საფარის განადგურებას.

შეიძლება ზოგ ადამიანს დღესაც არასერიოზულად მიაჩნდეს გლობალური დათბობასა და სავალალო შედეგებზე საუბარი. ფიქრობდეს, რომ დღევანდელი ფუფუნება და კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჰაერის დაბინძურება, ტოქსინებით სავსე საკვები, მკვეთრი კლიმატური ცვლილებები – ეს ყველაფერი უკვე დღევანდელი პრობლემაა, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ ეს პლანეტა მხოლოდ ჩვენთვის არაა შექმნილი, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ მომავალი თაობის წინაშე, რომ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის და პლანეტისთვის. მთავარია, თითოეული ჩვენგანი მიხვდეს, რომ ჩვენ თავად ვქმნით საცხოვრებელ გარემოს და შევეცადოთ დავიცვათ  სახლი – დედამიწა, სადაც ყველამ უნდა ვიცხოვროთ.

ტექნოგენური კატასტროფებია:

  1. 1. რადიაქტიური გამოსხივება;
    2. ოკეანესა და ხმელეთზე ნავთობის დაღვრა;
    3. ქიმიური ნივთიერებების გამოფრქვევა;
    4. სმოგი და მჟავა წვიმები;
    5. ტყის გამანადგურებელი ჭრა;
    6. გაუდაბნოება.

წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი რესურსია და მის გარეშე სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე არ იარსებებდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაბინძურებთ მდინარეებს, ტბებს, ზღვებსა თუ ოკეანეებს. შესაბამისად, ზიანს ვაყენებთ ჩვენს პლანეტას იმ დონემდე, რომ  ცოცხალი ორგანიზმების განადგურება უკვე საგანგაშო მასშტაბებს იღებს. უარესდება სასმელი წყლის ხარისხი. მდინარეების, ტბების და სხვა წყლის ობიაქტების  დაბინძურების მიზეზი  შეიძლება იყოს საწარმოებიდან გამომავალი გამდინარე  წყლები, გაუმართავი საკანალიზაციო  სისტემები და არასათანადო გამწმენდი ნაგებობები, სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან თუ დასახლებული პუნქტებიდან წვიმის შედეგად წარმოქმნილი  გამონადენები და სხვა. ბევრი პრობლემაა დედამიწაზე, რომლის შესახებაც ყველა თქვენგანმა იცის.  ერთ-ერთი პლასტმასის არსებობაა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ როგორი არაბუნებრივი კომპონენტებისგან შედგება ის, რომ ბუნებაში წლების განმავლობაში ვერ იშლება. დიახ, ეს პროდუქტი არ იშლება და აზიანებს გარემოს. ოკეანეები სავსეა პლასტმასით. ყოველწლიურად ბუნებასა და ოკეანეებს 9 მლნ ტონა პლასტმასით ვაბინძურებთ. ერთი, რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი პატარა ცვლილება თუ სიტუაციის გამოსწორებისკენ გადადგმული ნაბიჯი, საერთო სურათს საგრძნობლად შეცვლის და ეკოლოგიურ კატასტროფას თავიდან აგვარიდებს, თუმცა კაცობრიობა ამაზე, სამწუხაროდ, ნაკლებად ფიქრობს.

გარემოს დაბინძურება დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას და სიცოცხლეს დედამიწაზე. ცხოველთა სახეობების რაოდენობა ჩვენს პლანეტაზე კატასტროფულად მცირდება. უამრავი მომწამლავი ნივთიერება, რომელიც დანაგვიანებული გარემოდან მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში ხვდება, იწვევს მათ დაავადებასა და, ხშირ შემთხვევაში, სიკვდილსაც. თუ გვინდა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე იყოს, ბუნების დაცვა და მოფრთხილება უნდა ვისწავლოთ. ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა ჩვენს პლანეტაზე მისი გაჩენის დღიდან იწყება. მას შემდეგ ადამიანი არა მარტო შეეგუა გარემომცველ გარემოს, არამედ აქტიურად დაიწყო მისი გარდაქმნაც: გაჩეხა ტყეები, გადახნა მიწები, გაიყვანა გზები, ააგო ხიდები და კაშხალები, ააშენა ქალაქები და ა.შ.
გეოგრაფიული გარსის განვითარების ისტორიაში დადგა ახალი ეტაპი, რომელიც უშუალოდ და მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან. გეოგრაფიული გარსი გადაიქცა ე.წ. ნოოსფეროდ, ადამიანის გონების სფეროდ, ეს არის დედამიწის პლანეტური და მასთან დაკავშირებული კოსმოსური სივრცე, რომელიც ადამიანის გონებრივი მოქმედების შედეგად გარდაიქმნება და იმართება.
ბუნების გარდა ადამიანებს არსებობის სხვა წყარო არ გააჩნიათ, ამიტომ მისი სიმდიდრეების გამოყენებისას საჭიროა ზომიერება და მოფრთხილება. ბუნებისგან უნდა ავიღოთ იმდენი, რამდენიც გვესაჭიროება და გამოვიყენოთ მთლიანად და ეკონომიურად.

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე