დაიწყოს გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" თითქოსდა 780 ათასი ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:33 | 03.12.2018
ნანახია: 632

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებულ ხმებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ინაშვილმა განაცხადა, არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ აღნიშნული რაოდენობის ხმები.

ინაშვილი ამბობს, რომ ადგილი აქვს "პოლიტიკურ აფერისტობას", რომელშიც არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და გიგა ბოკერია, არამედ "ქართული ოცნების" თანამდებობის პირებიც მონაწილეობენ.

"რაც არ უნდა გაბერონ მონაცემები, დაახლოებით 3 000 ადამიანი მონაწილეობდა [აქციაში]. ახლა გადავდივარ კონკრეტული შეკითხვების დასმაზე, შეკითხვა პირველი - თუ პარტიას რეალურად ჰყავს 780 ათასი ამომრჩეველი, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რატომ მოდის 3 ათას კაცზე ნაკლები. შეუძლებელია 780 ათასი ამომრჩეველი და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე არ იდგეს მინიმუმ 30 ათასი მხარდამჭერი. ყველას ესმის ეს რომ ასეა და დიდი ფილოსოფია ამას არ სჭირდება.

რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი და იგივე აქტივი ჰყავს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ხან ფილარმონიის დარბაზში, ხან ვხედავთ პარლამენტის შენობასთან აქციაზე.

ამიტომ, დღეს მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი ვითხოვ, საქართველოს პროკურატურამ და შს სამინისტრომ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" თითქოსდა 780 ათასი ამომრჩევლის რეალურობის დადგენის მიზნით. პირდაპირ და მკაფიოდ ვამბობ, ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობს, როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან კონკრეტული თანამდებობის პირები", -განაცხადა ირმა ინაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე