კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება

საქართველო, თბილისი - 13:00 | 03.12.2018
ნანახია: 824

დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებს;

„დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება; დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს; ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა; შეირჩევა მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს მიმართულებით, ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა იწყება. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რადგან მსგავსი პროექტების განხორციელება დედაქალაქის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით კი, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 მოქალაქეებს გაუჩნდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ამ მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ სხვა სიახლეებს, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება გაუქმდა და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა; ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი; გამოიცვალა პარკინგის 9000 ნიშანი; დაიხაზა და კეთილმოეწყო 8 000 კვ.მ პარკირების ადგილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე