ბოლო ერთ თვეში ქართველმა სპორტსმენებმა 70 ოქროს, 36 ვერცხლისა და 40 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველო, თბილისი - 19:12 | 27.11.2018
ნანახია: 1695

ქართული სპორტისთვის ბოლო ერთი თვე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა - 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, ჩვენმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთი მედალი მოიპოვეს. საერთაშორისო ტუნირებზე, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ახალგაზრდა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ჩატარებულ შეჯიბრებებში ჯამში ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 146 მედალია.  აქედან 70 ოქრო, 36 ვერცხლი და 40 ბრინჯაო.  საუბარია, სპორტის 10 სახეობაზე, რომელშიც შედის როგორც ოლიმპიური, ასევე პარალიმპიური სპორტის სახეობები. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ძალოსანი ლაშა ტალახაძის მსოფლიოს ჩემპიონობა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ლაშამ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მსოფლიოს ახალი რეკორდები დაამყარა. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა რევაზ დავითაძე (89 კგ), რომელმაც ახალგაზრდებს შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ატაცში ბრინჯაო მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ (+ 109 კგ).

ძიუდოში გამოსარჩევია მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ლაშა ბექაურის (90 კგ) და გელა ზაალიშვილის (+100 კგ) ჩემპიონობა და ჭიდაობაში ასევე ახალგაზრდულ პირველობაზე მოპოვებული ოქროს მედლები - ნუგზარ წურწუმია (ბ/რ, 55 კგ), გელა ბოლქვაძე (ბ/რ, 82 კგ), ზვიად პატარიძე (ბ/რ, 130 კგ), ავთო კენჭაძე (თავისუფალი, 74 კგ), ნიკა კენჭაძე (თავისუფალი, 79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი, 97 კგ).

სამბოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. საჭიდაო სახეობებში პირველად, საქართველოს ჰყავს ქალი მსოფლიოს ჩემპიონები - ნინო ოძელაშვილი და ელენე ქებაძე. ვახტანგ ჩიდრაშვილი უკვე 5 გზის მსოფლიო ჩემპიონია. 
ქართული სამბოს ისტორიაში პირველად, ქალთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდნენ ვაჟები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე