ანტიკორუფციული კვირეული დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:31 | 08.12.2015
ნანახია: 1439

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნომ და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“ ერთად  კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ანტიკორუფციული კვირეული დაიწყო. ღონისძიებაში ჩართული არიან  საჯარო სამსახურის ბიურო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

აღნიშნული ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში 7 დეკემბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება მოეწყო. მოდელირებაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა უნივერსიტეტის 14 წარმატებული სტუდენტი შეირჩა, რომელთაც მოირგეს ანტიკორუფციული საბჭოს წევრთა როლები და წარადგინეს შესაბამის უწყებათა პოზიციები, იმსჯელეს და დაამტკიცეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული პრიორიტეტები, განიხილეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია და ანტიკორუფციულ საკითხებში ცნობიერების ამაღლების შესახებ კამპანია.

სტუდენტებს იუსტიციის სამინისტროში  4  დეკემბერს ჩაუტარდათ საინფორმაციო ლექცია ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობის შესახებ. ახალგაზრდებმა მიიღეს საერთო და ინდივიდუალური დავალებები, მითითებები განაწილებული როლების შესაბამისად.

ღონისძიების დასასრულ, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. ამასთან, გამოვლინდა პროექტის სამი წარმატებული მონაწილე, რომელთაც იუსტიციის სამინისტროს სახელით მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები.

ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში  9-11 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ქ. თბილისში, ქ. გორსა და ქ. თელავში ჩატარდება საჯარო ლექციები თემაზე: „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საზოგადოების ჩართულობის პროცესები“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე