არასრულწლოვანზე ქორწინების გამო ბრალდებული ნადიმ პაქსაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 14:29 | 08.12.2015
ნანახია: 1590

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მეუღლესთან   სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებული 21 წლის ნადიმ პაქსაძე გაათავისუფლოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

აღნიშნულ ფაქტზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში 2015 წლის 18 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161,140-ე მუხლით. გამოძიებას საფუძვლად დაედო ხულოს სამოქალაქო რეესტრის მიერ გამოგზავნილი მასალები შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დადგინდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ნ.პაქსაძის მხრიდან, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ ნ.პაქსაძემ და მისმა მეუღლემ წლებია რაც შექმნეს ოჯახი და ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი, ოჯახი ნ.პაქსაძის კმაყოფაზეა, ეს უკანასკნელი წარსულში ნასამართლევი არ არის და ხასიათდება დადებითად, მიიღო გადაწყვეტილება ნადიმ პაქსაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს პროკურატურა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და მსგავსი დანაშაულის პრევენციის მიზნით, მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს და მომავალშიც აპირებს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, ვინაიდან იდენტური დანაშაულებრივი ფაქტები მრავალად გვხვდება მაღალმთიან აჭარაში, რაც შეუტყობინებლობის გამო რეაგირების გარეშე რჩება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე