ამერიკელი სენატორები ტრამპს მოუწოდებენ ინტერპოლის პრეზიდენტად რუსეთის წარმომადგენლის დანიშვნა არ დაუშვას

საქართველო, თბილისი - 13:01 | 20.11.2018
ნანახია: 676

ამერიკელმა სენატორებმა ორივე პარტიიდან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართეს, სადაც სთხოვენ ზეწოლა მოახდინოს ინტერპოლის გენერალურ ი ასამბლეის წევრებზე, რათა ორგანიზაციის ხელმძღვანელად რუსეთის წარმომადგენლის ალექსანდრ პროკოპჩუკის დანიშვნა არ მოხდეს.

გზავნილის ტექსტი დემოკრატმა სენატორმა ჯენ შაჰინმა გამოაქვეყნა.

შაჰინის გარდა წერილს ხელს აწერენ რესპუბლიკელები მარკო რუბიო და როჯერ უიკერი, ასევე დემოკრატი კრის კუნსი.

 „გენერალ მაიორ ალექსანდრ პროკოპჩუკის არჩევა ინტერპოლის ახალ ხელმძღვანელად საქათმეში მელას შეშვებას ნიშნავს. რუსეთი მუდმივად ბოროტად უყენებს ინტერპოლს, რათა ანგარიში გაუსწოროს და დევნოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, დისიდენტები და ჟურნალისტები. ალექსანდრ პროკოპჩუკი პირადად იყო ჩართული დაშინების სტრატეგიაში, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებისკენ“ - ნათქვამია წერილში.

ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი მენ ჰუნვეი თანამდებობიდან ოქტომბერში მას შემდეგ გადადგა, რაც ის ჩინეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მოსკოვი იმედოვნებს, რომ 21 ნოემბერს დაგეგმილ ინტრეპოლის პრეზიდენტის არჩევნებში ალექსანდრ პროკოპჩუკი გაიმარჯვებს. 2016 წლიდან პროკოპჩუკი ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე