ბედნიერებაა, სავსე სტადიონის წინაშე თამაში, ამ დროს ვალდებული ხარ, მხოლოდ მოგებაზე იფიქრო - ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ყაზახეთთან მატჩის შემდეგ

საქართველო, თბილისი - 10:11 | 20.11.2018
ნანახია: 124

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა D ლიგის პირველ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩი გამართა და „დინამო არენაზე“ ყაზახეთს 2:1 მოუგო. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ნაკრებმა 6-დან 5 მატჩში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ფრედ დაასრულა და 16 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ტურნირი და შეხვედრა შეაფასეს. მათ სამომავლოდ გასამართ მატჩებზე და მთავარ მიზანზე გაამახვილეს ყურადღება.

 “ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ. მცირე ხარვეზი გვქონდა ანდორაში, რაც დღეს კარგი თამაშით გამოვასწორეთ. სასიხარულოა, რომ მატჩზე ამდენი გულშემატკივარი მოვიდა, რომლებსაც ფეხბურთის იმედი დავუბრუნეთ. ისეთი ნაბიჯი გადავდგით, რაც ძალიან გვაახლოვებს სასურველ ოცნებასთან.

იმ ორ შეხვედრამდე დიდი დროა, მაგრამ პროგრესი იგრძნობა და ყველამ პოზიტივი უნდა დავინახოთ ამ ტურნირიდან გამომდინარე. ქართველი ფეხბურთელების იმედი უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ გრანდებისთვის არ მოგვიგია, საამაყოა, რომ ეს ჯგუფი ასე დავასრულეთ.

დღევანდელი გამარჯვებით უამრავ ადამიანს მივანიჭეთ სიხარული და ბედნიერება. ბედნიერებაა, რომ სავსე სტადიონის წინაშე თამაშობ. ამ დროს ვალდებული ხარ, რომ მხოლოდ მოგებაზე იფიქრო.” - აღნიშნა გურამ კაშიამ.

“უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა გულშემატკივარს. მათ დიდი წვლილი მიუძღვით დღევანდელ გამარჯვებაში. რაც შეეხება თამაშს, ყაზახეთის ნაკრები დაცვით ფეხბურთს თამაშობდა, ასეთი ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია.

ჩვენი მიზანი შევასრულეთ და მატჩი მოვიგეთ. გოლმაც ძალიან გამახარა. არ ვიცი მომდევნო ეტაპზე ვინ შეგვხვდება, მაგრამ ყველასთან მოსაგებად ვიბრძოლებთ, რათა ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ”, - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

“6-დან მხოლოდ ერთ თამაშში არ დაფიქსირდა ჩვენთვის სასურველი შედეგი. იმ ერთ შეხვედრასაც არ ვპატიობთ საკუთარ თავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვეცდებით”, - ამბობს ნიკა კვეკესკირი.

ამგვარად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა გაინაღდა გაისად C ლიგაში თამაში, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო წილისყრაში მე-4 კალათში ყოფნა, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო პლეი ოფის ნახევარფინალში თამაში და ნახევარფინალის მასპინძლობა. 

საქართველომ D ლიგაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ამიტომაც ის უნდა დაუპირისპირდეს ოთხი ჯგუფიდან ისეთის გამარჯვებულს, რომელსაც ყველაზე ცუდი შედეგი აქვს. მაკედონია მეორეა და მასაც განაღდებული აქვს ნახევარფინალის მასპინძლობა. რჩება ბელარუსი (14 ქულა) და უცნობი გუნდი მე-3 ჯგუფიდან. 

20 ნოემბერს ამ ჯგუფში გადამწყვეტი მატჩია - კოსოვო მასპინძლობს აზერბაიჯანს. ფრე და მოგება მასპინძლებს აწყობთ, აზერბაიჯანელებს პირველ ადგილს მხოლოდ გამარჯვება მოუტანს. 

წყარო: popsport.com

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე