ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 16:31 | 12.11.2018
ნანახია: 1982

ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული  პაციენტები,  სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტასა და  ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია “როშეს”  შორის მიღწეული  შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ძუძუს კიბოს ადრეული  სტადიის (I, II, III) მქონე პაციენტების გარდა, მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მთელი საქართველოს მასშტაბით, მეოთხე სტადიის მქონე სიმსივნით (ძუძუს კიბო) დაავადებული მოქალაქეებიც მიიღებენ.

„მწარმოებლის მხრიდან ფასის დაწევამ, საშუალება მოგვცა არსებული ბიუჯეტით პროგრამაში უფრო მეტი პაციენტი ჩაგვერთო და ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიის მქონე მოქალაქეებისთვის 80%-იანი ფასდაკლებით მიგვეცა აღნიშნული მედიკამეტები“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით,  შესაძლებელი ხდება, საქართველოში სრულად იქნას მოცული ძუძუს კიბოთი დაავადებული,   ყველა სტადიის  პაციენტების მკურნალობა.

საქართველოში ყოველწლიურად,  ძუძუს კიბოს  1500-ზე  მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დაავადების სამკურნალო მედიკამენტის-ჰერცეპტინის ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების რემისიას და სიცოცხლის ხანგრძლივობას,  ერთ  პაციენტზე  წლიურად 72000-ზე მეტ ლარს შეადგენს.

ძუძუს კიბოს სამკურნალო არსებული პროგრამა 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო, რომელიც მიზნად დაავადების სამკურნალო მედიკამენტზე  ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. 

პროექტი, ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „როშეს“ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებიც დავადებული არიან ძუძუს კიბოს: პირველი, მეორე და მესამე სტადიით მთელი საქართველოს მასშტაბით ძვირადღირებულ მედიკამენტებს 80%-იანი  თანადაფინანსებით იღებენ,  რაც წლიურად ერთ პაციენტზე 6000-მდე ლარს შეადგენს.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე უკვე ისარგებლა 400-ზე მეტმა პაციენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე