შშმ პირები იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 19:23 | 12.11.2018
ნანახია: 665

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 75 000-ზე მეტი პირი (II ჯგუფი) 2019 წლის პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე გაახმოვანა.

მთავრობის მეთაურმა შესაბამისი დავალება დღეს ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს მისცა.

„ეს ეხება  75 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს და რა თქმა უნდა, მათი საჭიროება უნდა გავითვალისწინოთ. ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს ექნებათ დავალება, რომ აუცილებლად მოვიძიოთ ეს რესურსი მომავალი წლის ბიუჯეტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2019 წლის პირველი იანვრიდან  II ჯგუფის შშმ პირების სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზრდება და ისინი 100-ის ნაცვლად 120 ლარს მიიღებენ.

შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელეს შშმ პირთა სათემო მომსახურების პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერაზე. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თითოეულ მოქალაქეზე,  მათ შორის,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე  ზრუნვა მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ,  აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მათი როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში სრულფასოვანი  ჩართულობის გასაძლიერებლად.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ამ მიმართულების განვითარებისთვის გვაქვს გარკვეული რესურსები გამოყოფილი, იზრდება სოციალური პაკეტიც, თუმცაღა ისიც გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და მეტია გასაკეთებელი. საჭიროა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა უკეთ გავაცნობიეროთ და დავნერგოთ ევროპული მოდელი, გავზარდოთ ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების ჩართულობა ამ პროცესში, რაც უფრო ინკლუზიურს გახდის ამ მიმართულებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტიური ჩართულობის, დასაქმების, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის აუცილებლობას, ხელმისაწვდომი ჯანდაცვითა და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის მნიშვნელობას. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე