კოაბიტაციის იდეა ბერძენიშვილებმა, ხიდაშელმა შექმნეს და „ქართულ ოცნებას“ თავს მოახვიეს - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:14 | 09.11.2018
ნანახია: 760

კოაბიტაცია ქართული აზროვნების პროდუქტი იყო, ეს იდეა „რესპუბლიკურმა პარტიამ“, ბერძენიშვილებმა, ხიდაშელმა შექმნეს, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ თავს მოახვიეს და რქებით გაიტანეს, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

„მერე გვეუბნებოდნენ, კოაბიტაცია ქართველი ხალხის დაკვეთააო. 2012 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც ოპონენტის გადარჩენა სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით მოხდა. 2012-2013 წლებში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური გაბედულება არ ეყო, რადგან ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ კისერზე ეს წურბელები – „რესპუბლიკური პარტია“, ბერძენიშვილები, ხიდაშელებიდა ა.შ. ასხდნენ. ისინი ივანიშვილს არწმუნებდნენ, დასავლეთში გავლენა გვაქვს, თანამოაზრეები გვყავს და ნაცმოძრაობა ახლა რომ არ გადავარჩინოთ, ქვეყანა თავზე დაგვემხობაო. ალბათ, გახსოვთ, უსუფაშვილი რომ ლაპარაკობდა, ნაცმოძრაობის გადარჩენა ქართული დემოკრატიის მიზანიაო“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, მითი და პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 600 000 მხარდამჭერი ჰყავს.

„ბოლო წლებში მანიპულაციის სრულიად ახალი სისტემა დაინერგა, რაც 2016 წელსაც მოხდა. ეს სომხური კარუსელი აღარ არის და არჩევნების გაყალბება რაღაც სხვა სისტემით ხდება. ეს სისტემა რებუსია ძალიან ბევრი საარჩევნო სპეციალისტისთვის, რომლებიც თავის დროზე, არჩევნებსაც აყალბებდნენ და ისინიც კი ვერ ხსნიან, რა სისტემასთან გვაქვს საქმე. ეს ასეა, მაგრამ ცოტა დროა საჭირო და ამ ფორმულასაც გახსნიან“, – განაცხადა ინაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე