ამიხსენით, რატომ ვარ პრორუსული პარტია - ნინო ბურჯანაძე

საქართველო, თბილისი - 11:05 | 09.11.2018
ნანახია: 64

ამიხსენით, რატომ ვარ პრორუსული პარტია, როცა ვამბობ, რომ უნდა გავაერთიანო, გავაძლიერო, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარი უნდა გავიყვანო და ეს მოლაპარაკების გზით უნდა გავაკეთო, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა აბსოლუტური ისტერია, როცა ანალიზს არავინ აკეთებს, თუ რა ხდება რუსეთთან მიმართებაში სინამდვილეში, ან, რას გვთავაზობს ე.წ. პრორუსული პარტია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, შეკითხვაზე, უნდათ თუ არა მათ საქართველოს ნატო-ში შესვლა, თანხმობას არც ერთი ადამიანი არ აფიქსირებდა, ხოლო შეკითხვაზე, გვჭირდება თუ არა ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობდა, რომ ჩვენ ეს გვჭირდება.

„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ და თურქები მოსისხლე მტრები ვიყავით, მაგრამ თურქეთის პოლიტიკურ ელიტასთან და დიპლომატებთან, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რეალობა შეიცვალა და დღეს, თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. სხვათა შორის, თურქეთს აჭარა რომ ჰქონდა მიტაცებული ვინ დააბრუნა?! ეს არასდროს მითქვამს და არც ახლა მინდოდა თქმა, მაგრამ აჭარა ჩვენ დავიბრუნეთ?! ცოტა რუსებიც ხომ არ მოგვეხმარნენ?!“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში პრობლემების ორი გზა არსებობს – თუ შეგიძლია, ძალას გამოიყენებ, მეორე გზა კი, მოლაპარაკებაა.

„თუ შეგიძლიათ, მიაყენეთ ჯარი და რუსული ჯარები გაწიეთ იმ ტერიტორიებიდან, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ. ჩვენ ეს უკვე ვცადეთ და ამან დაგვაქცია. მსოფლიო პრაქტიკაში და დიპლომატიაში სხვა გზა არ არსებობს – ან, ძალით უნდა გაიყვანო, ან, მოლაპარაკებით. მე მოლაპარაკებას გთავაზობთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე