ე.წ. კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და სპორტული კომპლექსი მოეწყობა – კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:15 | 07.11.2018
ნანახია: 61

იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება და სპორტული კომპლექსი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა ამასთან დაკავშირებით. მგონია, რომ არამხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ზოგადად ეს ადგილი იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ძალიან ბევრი თბილისელი დადიოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2009 წელს უცხოურ დეველოპერულ კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც ის განაშენიანების მიზნით შეიძინა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარების, წინსვლისა და მშნებლობის მოწინააღმდეგეები არ ვართ, თუმცა არის ისეთი ადგილები და ლოკაციები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის სპორტული მოედნები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები, პარკები და ა. შ. პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია იქ რაიმე სახის მშენებლობების განხორციელება. სიახლე რაც არის, ეს მიწა, ე.წ. კორტები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს, ამიტომ ეს კონკრეტული ადგილი დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან დავალება მისცა დედაქალაქის მთავრობის წევრებს, რომ ადგილზე სპორტული კომპლექსის მოწყობის პროექტი შეიმუშაონ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე