ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის არის ღია, მიუხედავდ მათი ფინანსური შესაძლებლობებისა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 13:12 | 06.11.2018
ნანახია: 697

ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის არის ღია, მიუხედავდ მათი ფინანსური შესაძლებლობებისა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება ხელისუფლების ოპონენტების  „ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ“ მიდგომებს.  

„ჩვენი კარი ყველა ტურისტისტვის ღიაა მიუხედავდ მათი ფინანსური შესაძლებლობებისა. სტუმარი ღვთისაა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია, თუმცა რაც შეეხება ბინადრობასა და ცხოვრების უფლებას, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბაზრის მოწესრიგებისთვის მთელი რიგი რეგულაციები არსებობს. ამ სფეროს სწორი მიდგომები, ჩვენი სტუმრების პოტენციალის სწორად გამოყენება, იმგვარად დარეგულირება სჭირდება, რომ დაბალანსებული იყოს მობინადრეთა, აქ ცხოვრების მსურველთა და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ჩვენ დიდ ძალისხმევას მივმართავთ თბილისში და მთლიანად საქართველოში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და მოვლა-პატრონობაზე, ამის დასტურია, ახალი აღმაშენებელი, ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნები რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მომდევნო წლებში ასევე დაგეგმილია სხვა ასეთი უბნების რეაბილიტაცია. დიდ ძალისხმევას მივმართავთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოიხსენიება. ყველაფერ ამას ჩვენი ბიუჯეტი, საქართველოს სტუმართმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ და ამას გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა ჭირდება. უცხოელებს, ვისაც ყველა ამ სიკეთით სარგებლობა უნდათ და გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის სურვილი, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ. სწორედ ამიტომ, თქვენ იცით, პარლამენტი დღეს უკვე მეორე მოსმენით განიხილავს პარტია ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მკაცრად არეგულირებს უცხოელთათვის ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხს.

შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთი და იმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი. დღეის მდგომარეობით 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, 300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 5 წლიანი ვადით შეიცვლება. ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ამ პათოსს სწორად გაიტანს უცხოეთში. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველო რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად პოზიციონირება, რაც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ პროცესში პირველ რიგში, სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული, იქნება ეს შრომის ბაზარი, ბინადრობის საკითხები, თუ კანონმდებლობით დარეგულირებული სხვა მიმართულები, რისი გარანტორიც სწორედ ჩვენი ეროვნული ხელისუფლებაა“, - განაცხადა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე