მინდა ვთქვა ყველას გასაგონად, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის- ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:50 | 05.11.2018
ნანახია: 713

როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, კარგავს ხალხის ნდობას, კარგავს ძალას და ახლა, მინდა ვთქვა ყველას გასაგონად: ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის​. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება, შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ქვეყნისთვის.

„როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, კარგავს ხალხის ნდობას, კარგავს ძალას და ახლა, მინდა ვთქვა ყველას გასაგონად: ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის​. არავინ იფიქროს, რომ პარტიას რაიმე თავისთავადი ღირებულება გააჩნია. იგი არის საშუალება, რომლითაც უნდა მივაღწიოთ უზენაეს მიზანს – ხალხის უკეთეს მომავალს. ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ. არ შეიძლება, მივცეთ საშუალება ამ შეცდომებით ისარგებლოს ძალამ, რომელსაც სინამდვილეში ყველა იმ ღირებულების მოსპობა სურს, რომელიც ასე ძვირფასია ჩვენთვის. ამ შეცდომებს სწორი დანახვა და კრიტიკა უნდა. ოპონენტები კი, სრულად ჩართული სიცრუის მანქანით ცდილობენ ყველაფრის გადახაზვას. მათ შეცდომების გასწორება არ სურთ. მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ, და რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად.  ოპონენტები სრულ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიას ატარებენ. ხალხს ურცხვად ჰპირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება და, ამავე დროს, ღიად გვიანონსებენ ადამიანის წამებასა და ჩაგვრაში ბრალდებულების გათავისუფლებას, რაც საზოგადოების შეურაცხყოფის გარდა, პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე