2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე ახალი კომპანია შემოდის

საქართველო, თბილისი - 17:47 | 07.12.2015
ნანახია: 1541

2016 წლიდან სატელევიზიო რეიტინგების ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიის გამზომი ახალი კომპანია შპს ,,ტრი მედია ინტელიჯენსი“ შემოდის, რომელიც საერთაშორისო კომპანია Kantar Media-ს ოფიციალური ლიცენზიანტია.

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, 2005 წლიდან დღემდე ბაზარზე სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებს ერთადერთი კომპანია "თი-ვი-ემ-არ საქართველო" ახორციელებდა, რომელიც, თავის მხრივ, საერთაშორისო კომპანია Nielsen-ის ოფიციალური ლიცენზიანტია. "თი-ვი ემ-არ საქართველოს" სახელი 2014 წლის თებერვალში ორგანიზაციაში შემოსავლების სამსახურის შესვლას უკავშირდება, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა, რადგან ეს ქმედება სარეკლამო ბაზრის გადანაწილების მცდელობად შეფასდა.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით , 2014 წელს სატელევიზიო მაუწყებლობიდან შემოსავალმა 91.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2013 წელთან შედარებით 23.7%-ით (17.6 მლნ ლარით) გაიზარდა. შემოსავლების უდიდეს ნაწილს რეკლამა (71.4%) და სპონსორობიდან (19.8%) მიღებული თანხები შეადგენენ. სხვა წყაროები (კონტენტის რეალიზება, საეთერო დროის გაყიდვა, შემოწირულობა, ა.შ) 8.8% იყო.

მარეგულირებელი კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 49.3% -რუსთავი 2-ზე მოდიოდა. სხვა ტელეკომპანიებზე კი შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდებოდა: ტელეიმედი - 24.2%, სტუდია მაესტრო - 11.3%, ჯი-დი-ეს თივი - 2.9%, საქართველოს მედია ქსელი - 2.7%. სხვა მაუწყებლების ჯამური წილი კი 9.5% იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე