კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებას მმართველი გუნდის მიერ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, "ფარული ჩანაწერით" გამოეხმაურა

საქართველო, თბილისი - 16:20 | 23.10.2018
ნანახია: 771

თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებას, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ხუმრობით გამოეხმაურა. 

კახა კალაძემ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, თითქოს სატრანსპორტო კომპანიის ორი თანამშრომელი საუბრობს იმის შესახებ, რომ უკავშირდებიან და ეკითხებიან, დავალების თანახმად, ხმას აძლევენ თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" .

"მეც მაქვს ჩანაწერი, რომელსაც გამოვაქვეყნებ და აუცილებელია ამაზე გამოძიება დაიწყოს. თქვენ ახლა მოგასმენინებთ ამ ჩანაწერს, რადგან არ მაქვს საშუალება დიდ ეკრანზე გავუშვათ, ამიტომ ტელეფონით გავავრცელებ.

- გიორგი ხართ ხომ?

- დიახ, გისმენთ,

- სატრანსპორტო კომპანიიდან გაწუხებთ, თქვენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხომ იყავით მოსულები?

- ვიყავით.

- ოჯახით ხომ?

- კი, ნათესავები წამოვიყვანეთ,

- წელსაც ხომ აპირებთ მოსვლას?

- რა თქმა უნდა, მთელი ოჯახით მოვდივართ, ნათესავებიც მომყავს.

- ხმას ვის აძლევთ, გაქვთ ხომ მითითება მიღებული?

- ხმას ვაძლევ „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინც დაგვაკარგინა ქვეყნის 20%.

- ძალიან კარგი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დავალება გაუცია სატრანსპორტო კომპანიაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მისცენ ხმა, როგორც 2017 წელს. ალბათ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. ეს ძალიან ცუდია და საარჩევნო გარემოს აზიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" სატელეფონი ჩანაწერი წარადგინა, სადაც ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი კომპანიის თანამშრომლებს ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ. ამ ჩანაწერს თბილისის სატრანპორტო კომპანია გამოეხმაურა და მას სრული სიცრუე უწოდა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე