ტექნიკური უნივერსიტეტისა და CERN-ის ერთობლივი პროექტი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის

საქართველო, თბილისი - 14:37 | 23.10.2018
ნანახია: 1083

100-მდე ქართველი მოსწავლე და სტუდენტი CERN-ის ყურადღების ცენტრში – შემეცნებითი ფესტივალი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს, ვინც არჩევანი ტექნოლოგიურ მეცნიერებებზე გააკეთა, საშუალებას აძლევს CERN-ში მიმდინარე სამეცნიერო პროცესებს გაეცნონ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN-ის საერთაშორისო შემეცნებით ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი საქართველოში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაა, რომელიც სამეცნიერო და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეფუძნება. ფესტივალის მიზანია, საქართველოს ახალგაზრდა თაობის მიზიდვა და დაინტერესება ფუნდამენტური კვლევებით, ინჟინერით, IT ტექნოლოგიებითა და მათემატიკით.

CERN-ის ფესტივალი, ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, პროფესორმა მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, CERN-ის ექსპერიმენტული ფიზიკის დეპარტამენტის უფროსმა და მენეჯმენტის წევრმა, პროფესორმა  მანფრედ კრამერმა, CERN-ის ATLAS-ის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  ალექსანდრე შარმაზანაშვილმა და  CERN-ის Art@CMS ჯგუფის უფროსმა, პროფესორმა მაიკლ ჰოხმა გახსნეს.

„მობრძანებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ მინისტრს, აქ მყოფ სტუმრებს, რომელთა გარეშე დღევანდელი დღე არ შედგებოდა. დიდი მადლობა მათ, რომ ასეთი ფოიერვერკი მოაწყვეს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს დღე უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოსთვის. ამ ფორმატით CERN-ის ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. ფესტივალი სამი განსხვავებული ღონისძიებისგან შედგება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია იმით, რომ ტარდება CERN-ის მასტერკლასი სკოლის მოსწავლეებისთვის. ჩვენ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, ნახონ როგორი მომავალი ელოდებათ, თუ ისინი ამ გზას გაჰყვებიან და ეს მომავალი ძალიან საინტერესოა. მეორე ეტაპი სამეცნიერო-შემეცნებითი ვორქშოფია, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის და მკვლევრებისთვის და მესამე ღონისძიება გამოფენაა, რომლის ფარგლებშიც სამეცნიერო აღმოჩენებთან ასოცირებული ხელოვნების ნიმუშების პრეზენტაცია ეწყობა. მათი ავტორები კი ჩვენს ახალგაზრდებს ამ აღმოჩენების შესახებ მოუყვებიან. იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი ერთჯერადი არ იქნება“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილით თქმით, დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის.

„სახელმწიფოს განვითარება წარმოუდგენელია მეცნიერების განვითარების, უნივერსიტეტების ჩართულობისა და საერთაშორისო პროექტების გარეშე. ტექნიკური უნივერსიტეტი გვანებივრებს სამეცნიერო პროექტებით. რამდენიმე კვირის წინ, ტექნიკურ უნივერსიტეტში მსოფლიო მნიშვნელობის „ატლასის“ პროექტისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მონაწილეობდნენ – ეს, მართლაც, მომავლის ტექნოლოგიების პროექტია. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომ საერთაშორისო მეცნიერებთან აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი მეცნიერები და ბევრი ტექნიკური სამუშაო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სრულდება. მნიშვნელოვანია სწორედ ასეთ საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა. მადლობას ვუხდით ამისთვის უნივერსიტეტს – ვიცით რამდენი ენერგია, რამდენი შრომა იხარჯება ამ მიმართულებით და ვისურვებდით, რაც შეიძლება მეტი მსგავსი პროექტი იყოს საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე მომავალ თაობასთან, ჩვენს მომავალ მეცნიერებთან მუშაობაა და როგორც ბატონმა არჩილმა თქვა, მეცნიერებისა და მომავალი აღმოჩენების სამყარო ყველაზე საინტერესო სამყაროა. ყველა შრომისმოყვარე ახალგაზრდას უმნიშვნელოვანესი მომავალი ელის, თუ ამ სამყაროში შემოაბიჯებს.

CERN-ის ეს პროექტი უნიკალური შესაძლებლობაა, ახალგაზრდები მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა კვლევებს გაეცნონ. ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი განვითარება წარმოუდგენელია მეცნიერების გარეშე. მაღალი ხარისხის განათლება, ასევე წარმოუდგენელია მაღალი ხარისხის მეცნიერების გარეშე. ამიტომ, დღეს იმ ახალგაზრდებს ვინც ამ პროექტში იქნებით ჩართულნი, უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ მიიღოთ გამოცდილება, გადადგათ ნაბიჯი მომავალი მეცნიერებისკე და, იმ მომავალისკენ, რომელიც თქვენ უნდა აშენოთ. დღეს არავინ დავობს, რომ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებშია ის მომავალი, რომელზედაც კაცობრიობა იდგება. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არა მარტო ასეთ პროექტებს დავუჭერთ მხარს, არამედ აქტიურად ვმუშაობთ, რომ უახლოეს მომავალში, მეცნიერების მიმართულებით, ახალი პროექტები ავამოქმედოთ. რაც ყველაზე მთავარია, ვცდილობთ, მეცნიერებაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ. დღევანდელი დღე კი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარება. დღეს შეიძლება CERN-დან ჩამოსული სტუმრების გვერდით ის ახალგაზრდები დგანან, რომლებიც მომავალში დიდი მეცნიერები და დიდი გამომგონებლები გახდებიან“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

CERN-ის ფესტივალი სამი მიმართულების ღონისძიებებს მოიცავს:  IPPOG მასტერკლასებს სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის I-II კურსის სტუდენტებისთვის; სამეცნიერო-შემეცნებითი ვორქშოფებს უმაღლესი და საჯარო სკოლების პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის;  სამეცნიერო აღმოჩენებთან ასოცირებულ Art@Science გამოფენას და შეხვედრებს მათ ავტორებთან.

CERN-დან საფესტივალო ღონისძიებების მოდერატორები არიან: ექსპერიმენტული ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. მანფრედ კრამერი; მასტერკლასების კოორდინატორი და შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფ. ჰანს პიტერ ბექი; ATLAS-ის კომპიუტინგის მენეჯერი და გრიდ სისტემის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფ. დარიო ბარბერისი; Art@CMS ჯგუფის ხელმძღვანელი და გამოფენების ავტორი, პროფ. მაიკლ ჰოხი; ATLAS-ის ინჟინერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფ. ალექსანდრე შარმაზანაშვილი; ვენის ფიზიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფ. ნატაშა კრამერი; ALICE ექსპერიმენტის აუთრიჩ კოორდინატორი, პროფ. დესპინა ჰატზიპოტიადოუ.

CERN-ის მეცნიერთა, მკვლევართა და აკადემიური სპეციალისტების გაერთიანების (IPPOG) მიზანია, უზრუნველჰყოს ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური ჩართულობა სამეცნიერო ცხოვრებაში, იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა სამყაროს მეცნიერის თვალით შეხედონ და ინტერესი გაუჩნდეთ მეცნიერების მიმართ. რაც შეეხება მასტერკლასებისა და ვორქშოფების პროგრამას, ის CERN-ის ექსპერტების მიერ რეალური ბაზისური მონაცემების მიხედვითაა შედგენილი და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, ექსპერიმენტულ ნაწილს, სახალისო ლექციებითა და სავარჯიშოებით, ინტერაქტიური ვიდეოჩართვებითა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ვირტუალური ვიზიტებით CERN-ში. ღონისძიებების ბოლოს მონაწილეებს IPPOG-სერთიფიკატი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ მასტერკლასებსა და ვორქშოფებთან ერთად, CERN-ის ფესტივალზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს Art@Science გამოფენა. წარმოდგენილია სამეცნიერო აღმოჩენებთან და ტექნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებული ხელოვნების ნიმუშები, კოლაჟები, ცნობილი ფოტოგრაფის, პროფ. მაიკლ ჰოხის ფოტო და არტ ნამუშევრები. საგამოფენო ესპონატები და მათ ავტორებთან დისკუსია-საუბარი დამთვალიერებელს ნათელ წარმოდგენას უქმნის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საექსპერიმენტო დანადგარების კომპლექსურობასა და მაღალტექნოლოგიურობაზე. მათ აღქმას უფრო მეტად ამძაფრებს შემეცნებითი ვიდეორგოლები, რომელიც, გამოფენის პარალელურად, რამდენიმე მონიტორზე შუქდება.

„CERN-ის შემეცნებითი ფესტივალი გაზრდის ახალგაზრდების ჩართულობას მოწინავე სამეცნიერო სკოლებში და თანამედროვე პროექტებში, გააფართოვებს საქართველოს ახალგაზრდობის აზროვნების დიაპაზონს და აამაღლებს მათ ერუდიციას. მათ მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად, წარმოაჩინონ და შეაფასონ საკუთარი უნარები, რაც გააჩენს პროგრესისა და კრეატიულობის მეტ მოტივაციას, გაზრდის მათი, როგორც თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ალექსანდრე შარმაზანაშვილმა.

CERN-ის შემეცნებითი ფესტივალი წელს მეოთხედ იმართება საქართველოში, თუმცა მსგავს გაფართოებულ ფორმატში ღონისძიება წელს პირველად ტარდება და მას, ტრადიციულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს.  IPPOG მასტერკლასები, ყოველწლიურად, 52 ქვეყნის 200-ზე მეტ უნივერსიტეტში იმართება და მასში მონაწილეობას იღებს 15-დან 22 წლამდე ასაკის მსმენელი, მათ რიცხვში ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებიც შედიან.

         


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე