მთავრობა სადაზღვევო კომპანიებს ფინანსურ ვალდებულებებს მესამედით უმცირებს

საქართველო, თბილისი - 10:15 | 25.09.2015
ნანახია: 1797

მთავრობა სადაზღვევო კომპანიებს იმ ფინანსურ ვალდებულებებს უმცირებს, რომელიც ამ კომპანიების საქმიანობის დასაწყებად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.

საუბარია სადაზღვევო კომპანიების ლიცენზირებისთვის აუცილებელი მინიმალური კაპიტალის ოდენობაზე.

დღემდე ეს ვალდეულება განსაზღვრული იყო შემდეგი პირობებით: სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კომპანიას სიცოცხლის დაზღვევისთვის, სიცოცხლის გარეშე დაზღვევისთვის და გადაზღვევისთვის ცალკ-ცალკე უნდა ჰქონოდა, მინიმუმ, 2 200 000 (მთლიანობაში 6 600 000) ლარი საქართველოში არსებულ საბანკო სექტორში. ლიცენზიის მაძიებელს კი ლიცენზიის მოთხოვნისას უნდა წარედგინა ამ კაპიტალის 100%-ის ფლობის დამადასტურებელი ცნობა საქართველოში მოქმედი საბანკო სექტორიდან.

22 სექტემბერს კი მოქმედ ნორმატიულ აქტში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, სავალდებულო კაპიტალის მინიმალური ოდენოა მესამედით არის შემცირებული და 2 200 000 ლარის ნაცვლად თითო პუნქტში გათვალისწინებულია 1 500 000 ლარიანი ვალდებულება. რაც საერთო ჯამში 4 500 000 ლარს შეადგენს 6 600 000 ლარის ნაცვლად.

ამასთან, ლიცენზიის მაძიებელთა მიერ ქონების 100%-იანი გარანტიის ნაცვლად 80%-იანი გარანტია იქნება საჭირო.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება უკვე გამოქვეყნდა, სადაც მითითეულია, რომ ბრძანება გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. ანუ, ახალი ნორმები 22 სექტემბრიდან მოქმედებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე