საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:13 | 19.10.2018
ნანახია: 533

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ძი იენჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობას და  ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროში მიმდინარე მზარდ დინამიკას შეეხო. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩინეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასევე ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო წლების განმავლობაში ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას საქართველოს ეკონომიკაში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ჩინური კომპანიები საქართველოში საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დამატებით სტიმულს ქმნიან. ყურადღება გამახვილდა ასევე ჩინეთის ტექნოლოგიურ მიღწევებზე და ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჩინელმა დიპლომატმა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, რომელიც ნოემბრის დასაწყისში იგეგმება.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ჩინელმა დიპლომატმა  საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ხალხთა შორის ურთიერთობებზე და ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის ელჩს  ჩინეთის კულტურული ცენტრის საქართველოში გახსნა შესთავაზა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე