საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიმდინარეობს პროვოკაციული სურვილით, რომ ქვეყანაში ქაოტურობის განცდა შექმნან - ბესელია

საქართველო, თბილისი - 14:15 | 19.10.2018
ნანახია: 1144

ეკა ბესელიას შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვს და ფიქრობს, რომ საწადელს არეულობით მიაღწევს.

„ვხედავთ საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპი, ძალიან აშკარა ხელწერით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიმდინარეობს პროვოკაციული სურვილით და მათი სასურველი მიზნით, რომ ქვეყანაში რაღაც ქაოტურობის განცდა შექმნან. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს გამარჯვების და ფიქრობს, რომ მხოლოდ არეულობით შეიძლება, საწადელს მიაღწიოს. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს მათ ინტერესებშია, მაგრამ ყველა ინსტიტუტი, ყველა უწყება, ყველა სამსახური, ჩვენ ყველა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდ გარემოში, რაც შეიძლება თავისუფალ გარემოში, პროვოკაციების თავიდან აცილების გზით, არჩევნების დღეს უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი არჩევანი ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ვისაც ცუდი განზრახვა აქვს, სჯობს, დაივიწყონ, რადგან ეს არ გამოვა.

„ვისაც ბოროტი განზრახვა აქვს თავში, სჯობს, დაივიწყოს, არ გამოვა ეს ამბავი. მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდება, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ დეტალურად იცის ყველა გეგმა, რომელიც დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოსამზადებლად იქმნებოდა, ასევე იცის ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს. თუმცა, მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე