საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 19.10.2018
ნანახია: 515

21-24 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლ რიჩარდ გალაჰერი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრის დასრულებისას, მინისტრები ერთობლივ პრესკონფერეციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, პოლ რიჩარდ გალაჰერი ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იგი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს, რომელსაც პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრებიან.

პოლ რიჩარდ გალაჰერი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე