თურქეთის პოლიცია გაუჩინარებული საუდელი ჟურნალისტის საფლავს ეძებს

საქართველო, თბილისი - 14:58 | 18.10.2018
ნანახია: 883

თურქეთის პოლიცია სტამბოლსა და მის სიახლოვეს მდებარე იალოვას პრივინციაში საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის საფლავის შესაძლო ადგილსამყოფელს ეძებს. ამის შესახებ გაზეთი Yeni Safak-ი წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, სამართალდამცველებმა საუდის არაბეთის დიპლომატიური მისიის 26 ავტომობილი და ის მანქანები შეამოწმეს, რომლებსაც დიპლომატიური ნომერები არ ჰქონდათ. ყველა მათგანი სათვალთვალო კამერებმა საკონსულოს რაიონში დააფიქსირა, მათმა მოძრაობამ კი პოლიციელებში ეჭვი გააჩინა.

გავრცელებული ცნობით, ზოგიერთი მათგანი კვალის არევის მიზნით, დიპმისიის რაიონიდან გავიდა, სტამბოლში სხვადასხვა მიმართულებით გაემართა და ისევ უკან დაბრუნდა.

გამომძიებლებმა ძებნის მასშტაბი სტამბოლის სამხრეთით, იალოვას პროვინციამდე და ბელგრადის ტყის რაიონამდე გააფართოვეს. გაზეთის ინფორმაციით, სწორედ ამ რაიონებში ეძებენ ჰაშქაჯის ცხედრის ადგილსამყოფელს.

ოპოზიციონერი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი გაზეთ Washington Post-ში 2017 წლიდან მუშაობს. ის 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე