ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ - შსს

საქართველო, თბილისი - 14:30 | 18.10.2018
ნანახია: 680

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ “კლუბების საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“-ს რეალიზაცია განახორციელა, 3 შემთხვევაში კი შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშალებები.

მათივე ცნობით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.

"რაც შეეხება ბრალდებულ ვ.ჟ-ს საგამოძიებო ღონისძიებების დროს მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ვ.ჟ.-ს პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები.

საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები “ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ “ფეიქებს”, - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან", - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ნარკოტიკულ საშუალებებს კი არა, "პარაცეტამოლს" ასაღებდნენ. 

პროკურატურის ინფორმაციით, ადვოკატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული პირები თითქოს ჰყიდდნენ „ციტრამონს“ და „პარაცეტამოლს“, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე