10 სექტემბერს, ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 17.10.2018
ნანახია: 819

თბილისში, ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანიდან მძიმე იყო და ამ დრომდე რეანიმაციული ღონისძიებების ხარჯზე იცოცხლა.

“ეს იყო უმძიმესი პაციენტი. თავიდან შემოყვანისას, მას გული ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გაჩერებული. შემდეგ მოხდა გულის რითმის აღდგენა, მაგრამ მოხდა ტვინის ნერვული ქსოვილის დაზიანება. მოზარდი ამ დრომდეც რეანიმაციული ღონისძიებების ხარჯზე ცოცხლობდა” – განაცხადეს თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში „ფორტუნასთან“.

უბედური შემთხვევა გარდაბნის გზატკეცილზე, 10 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვა სამი მოზარდი. ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღესვე დასტაბილურდა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობით რეფერალურ ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: fortuna.ge

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე