ძალიან ფეთქებადსაშიშ ზღვართან არის სიტუაცია მისული - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველო, თბილისი - 09:42 | 17.10.2018
ნანახია: 1021

პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, გლდანის ციხეში ჩაწერილ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მთავარი ფიგურანტები ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.

„მივიღეთ არაფორმალური მმართველობა, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც თავისი არსით რომ იყო ძალიან საშიში და სახიფათო, ამის თაობაზე არაერთხელ უთქვამს პრეზიდენტ მარგველაშვილს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით, ერთი არაფორმალური მმართველის გარდა, სხვა არაფორმალური ლიდერებიც იკვეთებიან, ოთარ ფარცხალაძის და მირზა სუბელიანის სახით.

ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ არაფორმალური მმართველობის შელამაზებითაა დაკავებული.

„ჩვენ დავინახეთ, რომ გაჩნდა უზარმაზარი უფსკრული, ერთი მხრივ არის ხელისუფლება და მეორე მხრივ არის საზოგადოება და აბსოლუტურად აღარ ხდება მოსმენა, გაგება, არაფრით აღარ ხდება შეფასება რეალური სიტუაციის,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ პარლამენტი ხელისუფლების რეალურ კონტროლს ვერ ახორციელებს.

ჩიხრაძე პრეზიდენტის დღეს გაკეთებულ შეთავაზებას ეხმაურება, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა მთავრობას სხდომის გამართვისკენ მოუწოდა.

ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტს ამის მოთხოვნის უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

„კრიზისის პირას მყოფი სიტუაციაა და, თუკი არჩევნებში ამას დაემატა ცუდი ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება და გაყალბებაზე ან რაიმე ძალისმიერ ქმედებებზე ხელი წაუცდათ, მერწმუნეთ, რომ ძალიან ფეთქებადსაშიშ ზღვართან არის სიტუაცია მისული და ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე შემდგომ იმიტომ, რომ აქეთ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ ზიზღს იმის გამო, რომ ვერ ისწავლეს საქართველოში ჩინოვნიკებმა, სახელმწიფო მოხელეებმა, რომ ადამიანების ხარჯზე არ უნდა გამდიდრდნენ, ადამიანების ხარჯზე არ უნდა მოიწყონ ცხოვრება,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე