სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, “ნაცებმა” ბოლომდე მიიბეს და ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ - პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ახალ ჩანაწერს ასაჯაროებს

საქართველო, თბილისი - 14:45 | 16.10.2018
ნანახია: 2802

პროკურატურა მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ახალ ჩანაწერს ასაჯაროებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურურმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. 

პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანსა და ვიქტორ ჯაფარიძეს შორის შემდეგი დიალოგია:

„მ.ს. სასამართლო რას გადაწყვეტს? მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია, ბოლომდე უნდა, ბიჭო გამწირონ? არ არის ეს სწორი… გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მათთვის, ვინ იზამდა სხვა… და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ, შენც და ყველა… გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის… მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე… ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეგ დედ.. საქმე… მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ… ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი, რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში… წესით ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? რადგან სარალიძე აწვებათ… სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, “ნაცებმა” ბოლომდე მიიბეს და ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო. იცი, ძმაო ეს რას ნიშნავს?

ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები, – ტყუილით აგაყირავებთ. მკიდია, რა.. იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ… ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ.. ბიჭო, კუთხეში მიმწყვედულკაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ. ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან..

ვ.ჭ. კაი ახლა, სისულელეს ნუ ლაპარაკობ, რა გაქვს, მართლა გაქვს რამე, რას თხზავ?

მ.ს. კი, უკვე მკიდია, რას ვიტყვი, ხო ვიტყუები და მაქვს. მერე მაგათმა ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი. ხალხი ხომ დაიჯერებს.. სარალიძისას იჯერებს და… ხალხს ხომ ჰგონია, რომ მაქვს, ხოდა გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათმა იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს“.


"საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი. დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე.

ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და დანაშაულში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში", - განაცხადა კაციტაძემ ბრიფინგზე.

იხილეთ აუდიოჩანაწერი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე