უნდა გადამოწმდეს აუდიოჩანაწერის ავთენტურობა - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 13:57 | 15.10.2018
ნანახია: 1132

ჩემთვის პირადად საინტერესო არის ამ საკითხის სამართლებრივი მხარე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება რომ დაიწყო, ეს არის საჭირო და დროული.

„ჩემთვის პირადად საინტერესო არის ამ საკითხის სამართლებრივი მხარე. პირველ რიგში, ვიდრე შინაარსთან დაკავშირებით გადავალ და მე ასეთი მიდგომა მაქვს ყველა ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მოპოვება, შენახვა და გავრცელება მიმაჩნია, კანონით უნდა გადამოწმდეს, ეს არის კანონის მოთხოვნა. სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულს განეკუთვნება, სხვათა შორის სისხლის სამართლის დანაშაულს, უნდა გადამოწმდეს ავთენტურობა.

გამოძიება რომ დაიწყო, ეს არის საჭირო და დროული, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რა ინფორმაციას დადებს გამოძიება. არის თუ არა ეს კანონიერი და ავთენტური.

ერთი - არის თუ არა ეს კანონიერად მოპოვებული, თუმცა მეეჭვება, რომ ეს იყოს კანონიერად მოპოვებული თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტის წევრი, რომელიც ადასტურებს ამ შეხვედრას, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ არ შეიძლება ფარული ჩაწერა მიმდინარეობდეს. ამიტომ კანონიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს. ასევე სერიოზული კითხვები მაქვს ამ ჩანაწერის მოპოვებასთან დაკავშირებით და მისი შინაარსის ავთენტურობა რომ დადასტურდეს.

იმისთვის, რომ რაიმე ღირებულება ჰქონდეს სამართლებრივი და შინაარსზე იმსჯელო, ამაზე გავაკეთოთ კომენტარები, აუცილებელია ვიცოდეთ ავთენტურია თუ არა და კანონიერია თუ არა ეს ჩანაწერი.

თუ ეს დადასტურდება ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ შინაარსზე და დავსვათ ყველა კითხვა და გავარკვიოთ ყველა საკითხი. იქამდე მე მგონია, რომ არის არა მარტო არასერიოზული, არა მარტო ძალიან სახიფათო ასეთი მიდგომები, არამედ მგონია, რომ ეს ააშკარავებს ვიღაცის განზრახვას, რომ იქამდე ვიდრე კანონიერება და ავთენტურობა გარკვეული არ გვაქვს და უკვე შემაჯამებელი კეთდება, განსაკუთრებით თქვენი დირექტორის მხრიდან [მიმართავს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს], ეს უკვე არის ის სურათი, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, რ2-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე