ქვეყანა იმართება კრიმინალური, მაფიოზური მენტალიტეტის მქონე ცალკეული ადამიანების მიერ - დავით ბაქრაძე ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 13:42 | 15.10.2018
ნანახია: 680

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს.

დავით ბაქრაძის თქმით, აუდიოჩანაწერების ავთენტურობის შემთხვევაში დასტურდება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციებისარ მუშაობს და ქვეყანა იმართება „მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან“.

აუდიოჩანაწერში სუბელიანი აღნიშნავს, რომ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე არაფორმალურად მართავს.

ბაქრაძის შეფასებით, საშიში მდგომარეობაა, როდესაც სახელმწიფო კრიმინალების მიერ იმართება.

„დღეს მივიღეთ უკიდურესობა, როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები, პრაქტიკულად, ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ კრიმინალური, მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნეს ინტერესების გამოყენებით და მათ საფუძველზე. ეს სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო და ეს არ არის კონკრეტული თანამდებობის პირების, უწყებების ან კონკრეტული საქმეების თემა. ეს არის თითოეული ჩვენგანის მომავლის საკითხი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა პროკურატურამ დღეს გაკეთებული განცხადებით არაპირდაპირ დაადასტურა, საიდანაც ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გააკეთა ეს აუდიოჩანაწერი.  

მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ, გადაცემა პოსტ სკრიპტუმში გავიდა. ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე