ერთი წელი კი არა, მირზა სუბელიანს, ოჯახიანად უნდა მოუწიოს სამუდამოდ ციხეში ყოფნა - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 10:43 | 15.10.2018
ნანახია: 1064

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი 1 წლით პატიმრობაზე ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობს. ფარულ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები აქვს.

„ერთი წელი კი არ უნდა მოუწიოს ციხეში ყოფნა მირზა სუბელიანს, მთელი ოჯახიანად უნდა მოუწიოს სამუდამოდ ციხეში ყოფნა. დაამტკიცა კიდევ ერთხელ, რომ ზაზა სარალიძე არასდროს არ იტყუებოდა და არასდროს არ ვიძახოდით ჩვენ ტყუილს, რომ კომპრომატები ჰქონდა რაღაც მირზა სუბელიანს, რომლითაც აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

ქვეყნისთვის კეთილი საქმე გავაკეთეო, ქვეყნისთვის კი არ გააკეთა კეთილი საქმე, "ქართული ოცნებისთვის“ გააკეთა მაგ ნაძირალამ.  მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული”, - ამბობს ზაზა სარალიძე

სკანდალური ჩანაწერები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს,  პოლიტიკოსები ეხმაურებიან.  ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.
საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე