თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მონაწილეობას ბრალდებული მის მცირეწლოვან შვილს სთავაზობდა

საქართველო, თბილისი - 16:47 | 12.10.2018
ნანახია: 1236

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განმარტებით, დღეს დაკითხულმა მცირეწლოვანმა დაადასტურა, რომ ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე მას დედის მკვლელობაში მონაწილეობას სთავაზობდა.

"აღნიშნულის შესახებ დადასტურდა მოწმეთა დაკითხვებით, მათ შორის, ამასთან დაკავშირებით, მცირეწლოვანმაც ისაუბრა", - აცხადებს შაიშმელაშვილი.

როგორც ის აცხადებს, დედის მკვლელობის ხილვით მცირეწლოვანმა ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა 4 მოწმე, მათგან ერთი გარდაცვლილის და იყო, რომელმაც აღწერა მოვლენები. ასევე დაიკითხა არასრულწლოვანი, გარდაცვლილის შვილი, რომელიც უშუალოდ შეესწრო ჩადენილ მკვლელობას და დეტალურად გადმოსცა, თუ რა ვითარებაში მოკლა ბრალდებულმა გარდაცვლილი.
ამავდროულად, დაიკითხა ორი ფსიქოლოგი. ერთი ფსიქოლოგი პირველი გამოკითხვის დროს ესწრებოდა არასრუწლოვანის ჩვენებას. მეორე ფსიქოლოგმა არასრულწლოვანთან ჩადენილი დანაშაულის შემდეგ იმუშავა და შეაფასა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ფსიქოლოგების დასკვნის მიხედვით და მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანმა სწორად აღიქვა მოვლენები და შესაბამისად, სწორად გადმოსცა სასამართლოზე. ორივე ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, როცა თავისი დედის მკვლელობას შეესწრო", - აცხადებს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე მისი მცირეწლოვანი შვილი დღეს სასამართლოში ფსიქოლოგის თანდასწრებით დაიკითხა.
სამედიცინო ექსპერტის ჩვენებით, თაკო გამრეკელაშვილს აღენიშნებოდა 33 ჭრილობა, ასევე აღენიშნებოდა მრავალი სისხლნაჟღენთი დაზიანება. 33 ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 8 კისრის არეში იყო შემავალი, 2 გულ-მკერდის არეში, დანარჩენი სხვადასხვა ადგილებზე. კისრის და ყელის არეში არსებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება.

თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცავებმა მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ბიძაშვილი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. მას ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყენებული. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე