აშშ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა საქართველო გახდება ნატოს წევრი - ჰიზერ ნოიერტი

საქართველო, თბილისი - 11:55 | 21.09.2018
ნანახია: 919

აშშ-ის შეფასებით, რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო განვითარებას განაგრძობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.  მან ბრიფინგი დაიწყო სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე საუბრით. ნოიერტის თქმით, სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების სიმტკიცე.

„ათი წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და აგრძელებს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, ადამიანების დაღუპვის, გატაცების და სხვა განუკითხაობისა, რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში ხდება, საქართველო განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირებას და ეკონომიკის განვითარებას“ - განაცხადა ჰიზერ ნოიერტმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ საქართველოს მხარდამჭერია.

ნოიერტის თქმით, ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები ერთად მსახურობენ ავღანეთში, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი წილი აქვს ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და აშშ მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა საქართველო გახდება ნატოს წევრი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა 20 სექტემბერს, ვაშინგტონში გაიმართა.

წყარო: radiotavisupleba.ge

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე