ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ტოპ-ათეული

საქართველო, თბილისი - 14:05 | 12.09.2018
ნანახია: 1416

Transfermarkt-მა სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელთა ღირებულებები განაახლა, საბაზრო ფასებში ცვლილებები შეეხო საქართველოს ნაკრების მოთამაშეებსაც. 

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ისევ საბა კვერკველიაა, რომლის პირობითი ფასიც Transfermarkt-ზე 8 მილიონი ევროა. კვერკველიას ფასი წლის განმავლობაში იზრდებოდა, თუმცა 8 მილიონს მან ივნისში მიაღწია.

თუ ასე გაგრძელდა, კვერკველიას პირველობაში სერიოზული კონკურენტი ეყოლება - გენტის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უკვე 5 მილიონი ევრო ღირს, გასული სეზონის ბოლოს კი იგი 3 მილიონი ღირდა. 2-მილიონიანი გაძვირება სულაც არ არის გასაკვირი - გენტში ის ნამდვილი ლიდერია, ხოლო საქართველოს ნაკრების ბოლო ორ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. არადა, ჩაკვეტაძე ახლახან გახდა 19 წლის. 

თითქმის გაორმაგდა ამჟამად ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას ფასი (1.75 მლნ. იყო) და 3 მილიონი ევრო გახდა. თუ ავსტრიულ მედიას დავუჯერებთ, სწორედ 3 მილიონად გაყიდა რაპიდმა ქართველი ფორვარდი გენტში. ასე რომ, ქვილითაიას პირობითი ფასი რეალურს გათანასწორდა.

მე-4 ადგილზე კვლავ ვაკო ყაზაიშვილია (2.5), მაგრამ ახლა მას დაეწია შახტარის მცველი დავით ხოჭოლავა, რომელიც აქამდე 1.8 მილიონი ევრო ღირდა. ხოჭოლავამ ეს შახტარის ძირითადში თამაშით დაიმსახურა.

შედარებით დაიკლო გურამ კაშიას ფასმა, საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი თუ ადრე 2.5 მილიონი ღირდა, ახლა ნახევარი მილიონით ნაკლებია მისი საბაზრო ფასი. ვინაიდან, ნაკრების ფეხბურთელებში ძირითადად გაძვირებისკენაა ტენდენცია, ამ დაკლებით კაშიამ ერთბაშად მე-3 ადგილიდან მე-6-მდე დაიხია. ჯანო ანანიძის ფასმა სეზონის ბოლოს დაიკლო, ახლა კი ისევ 2 მილიონია. 

ქართულ ათეულში პირველად მოხვდა ვაკო გვილია, შვეიცარიული ლუცერნის ნახევარმცველი ახლა 900 ათასი ევროს ნაცვლად 1.25 მილიონი ღირს და გვილია მე-8 ადგილზეა.

მილიონი ევრო ერთბაშად 4 ქართველი ფეხბურთელი ღირს: ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ოთარ კაკაბაძე და ჯიმი ტაბიძე. სეზონის დასრულების შემდეგ 10-ეულში ადგილი დაკარგა გიორგი ჭანტურიამ. 

ჩაკვეტაძე ამით საქართველოს ყველა დროის ყველაზე ძვირ ფეხბურთელთა სიაში (Transfermarkt) მე-5 ადგილზე გადავიდა. ერთ დროს 5 მილიონი გურამ კაშიაც ღირდა. შეგახსენებთ, რომ საიტზე ყველაზე ძვირად ქართველებში კახა კალაძე ფასობდა - 8.5 მილიონი ევრო. ამ მხრივ, ჩაკვეტაძეს კალაძისა და კვერკველიას გარდა უსწრებენ ლევან კობიაშვილი (7.5) და შოთა არველაძე (6).

ნაკრების ძვირადღირებული მოთამაშეების TOP-10 ასე გამოიყურება:

  1. საბა კვერკველია (26 წლ) - € 8 მილიონი
  2. გიორგი ჩაკვეტაძე (19) - 5 მილიონი
  3. გიორგი ქვილითაია (24) - 3 მილიონი
  4. ვაკო ყაზაიშვილი (25) - 2.5 მილიონი
  5. დავით ხოჭოლავა (25) - 2.5 მილიონი
  6. გურამ კაშია (31) - 2 მილიონი
  7. ჯანო ანანიძე (25) - 2 მილიონი
  8. ვაკო გვილია (24) - 1.25 მილიონი
  9. ჯაბა კანკავა (32) - 1 მილიონი
  10. თორნიკე ოქრიაშვილი (26) - 1 მილიონი
  11. ოთარ კაკაბაძე (23) - 1 მილიონი
  12. ჯიმი ტაბიძე (22) - 1 მილიონი

 

წყარო: popsport.com




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე