აგვისტოს ომის 10 წლისთავზე თბილისს მეგობარი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან

საქართველო, თბილისი - 16:47 | 06.08.2018
ნანახია: 74

2018 წლის 6-7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლისთავზე  თბილისს ეწვევიან პოლონეთის (იაცეკ ჩაპუტოვიჩი) , ლიეტუვის (ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი), ლატვიის (ედგარს რინკევიჩსი) საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის (პავლო როზენკო) ვიცე-პრემიერ მინისტრი, რაც მათი მხრიდან გახლავთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერისა და მეგობრობის გამოხატულება.
 
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.
 
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
 
მრგვალი მაგიდის ფარგლებში განხილული იქნება ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას, საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას და საერთაშორისო  საზოგადოების ძალისხმევას ამ მიმართულებით.
 
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრები  მიმართავენ.
 
საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის 10 წლისთავზე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტი ლიეტუვის და პოლონეთის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე