ხაიშში მოსახლეობის ნაწილმა სპეცრაზმს ქვები დაუშინა

საქართველო, თბილისი - 15:56 | 26.07.2018
ნანახია: 833

სვანეთში, ხაიშის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობის ნაწილმა ადგილზე მობილიზებულ სპეცრაზმს ქვები დაუშინა.

მოსახლეობის ნაწილს ხელში ხელკეტები და ფიცრები უჭირავს.

მათი თქმით, ისინი ჭუბერში - დაზარალებულ სოფელში შემოვიდნენ და იმის პასუხია ეს.

მათივე თქმით, ისინი პასუხს ითხოვენ პრემიერის განცხადებაზე, რომ ჭუბერში სტიქია ხე-ტყის უკანონოდ მოჭრამ განაპირობა. 

ცნობისთვის, ხაიშში სპეცრაზმია ამ დრომდე მობილიზებული. 

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება ხე-ტყის გადამამუშავებელი და ხის მასალის რეალიზატორი საწარმოების საქმიანობის კანონიერების შემოწმება, ასევე რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა. ანალოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს სოფლებში ჭუბერსა და ხაიშში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელს უშლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელებაში. რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში ამ დროისთვის, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოების და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო გახდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე