აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს შორის თანამშრომლობის სამწლიანი პროექტის დახურვის კონფერენცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 03.12.2015
ნანახია: 1516

დღეს, სასტუმრო თბილისი მარიოტში,  საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს შორის თანამშრომლობის პროექტის დახურვის კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრაზე პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გამოწვევებზე იმსჯელეს.

პროექტის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში - მარტინა კვიკიმ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ;  შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - კრისტინა გელებრანდტ ჰაგბერგმა,  საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარემ - იოსებ ბაღათურიამ; შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს სააღსრულებო პროცესის დირექტორმა - სვენ შილგრენმა; შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მრჩეველმა, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა - ევა გიბსონ სმედბერგმა;  პროექტის ხელმძღვანელმა- გრეგერ ერიქსონმა.

ეროვნულ ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს შორის თანამშრომლობის პროექტის  ფარგლებში, 3 წლის განმავლობაში დაიგეგმა და განხორციელდა შემდეგი  პროექტები:

საქმეთა ნაკადების ეფექტური მართვა-მონიტორინგი და შემოწმება, რომლის ფარგლებშიც   მოხდა იმ მექანიზმებისა და ინდიკატორების გაცნობა, რომელთა მეშვეობითაც ადგილობრივ ტერიტორიულ სააღსრულებო ორგანოებში თვალს ადევნებენ ჯამურად მიმდინარე სააღსრულებო საქმეების სხვადასხვა მაჩვენებლებს.

დამკვიდრდა შიდა კომუნიკაციის სტანდარტები, რომლის მეშვეობით შვედეთის სააგენტო ახორციელებს თანამშრომლებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემებისა და  აუცილებელი ტექნიკურ-ინფორმაციული მახასიათებლების   განვითარებას.

დაინერგა პროცესების რუკით დაგეგმვის პრინციპები.   მომზადდა ფაქტების კონსტატაციისა და გამარტივებული წარმოების მომსახურებების რუკების სამუშაო ვარიანტები კონკრეტული სერვისების ბიზნეს პროცესების სრული სურათის ფორმირების მიზნით. 

დამკვიდრდა ადამიანური რესურსების ეფექტური გადანაწილებისა და ადაპტაციის სტანდარტები.

თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა და განხორციელდა პრევენციული კომუნიკაციის საპილოტე პროექტი, რაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ფულად-საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. 

შვედ კოლეგებთან ერთად შეიქმნა ლიდერობის სტრატეგიის დოკუმენტი. 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს შორის თანამშრომლობა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ დაფინანსებული პარტნიორობის პროექტის ფარგლებში  2012 წლიდან განხორციელდა.

SIDA უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და წარმატებით ახორციელებს  ორგანიზაციაში უმნიშვნელოვანეს პროექტებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე