ივანიშვილის შემობრუნება აქტიურ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია მმართველი ძალისთვის- თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 11:03 | 25.07.2018
ნანახია: 815

ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება აქტიურ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია მმართველი ძალისთვის, რაც ჩემი აზრით აუცილებელი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არც ერთ მომენტში არ გაჭირვებია მძიმე და არაპოპულარული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

"თითქმის ერთი წელი ვიმუშავე ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მისმა თანაშემწემ. ყველაზე მკაფიოდ ის მახსოვს, რომ არც ერთ მომენტში არ გაჭირვებია მძიმე და არაპოპულარული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება და ბევრმა კარგად იცის ამაში რასაც ვგულისხმობ. 

მას მერე აიტანა წამოუდგენელი ნიაღვარი ცილისწამების, შეურაცხყოფის, უამრავი უბედურების, რაც სამწუხაროდ ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

გუშინდელ ინტერვიუში გარდა კითხვებზე პასუხებისა (როგორც ჩანს ბევრს არ სიამოვნებს პასუხების მოსმენა), ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე განცხადება: 

1. პარლამენტის გაძლიერება პრიორიტეტია! პარლამენტის პასუხისმგებლობაა სამართლიანი თამაშის წესების დადგენა და იმის კონტროლი, რომ მთავრობა ამ წესებს ემორჩილება. სამწუხაროდ ამ სტანდარტისგან შორს ვართ, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ;
2. მიღწევებთან ერთად პრობლემების ბევრი გვაქვს და ისინი რომ გამოვასწოროთ ჯერ უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, მათ შორის ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაშიც;
3. თუ დღეს ოცნება უმრავლესობაშია, მოვა დრო როცა არ იქნება, ეს დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ეს ყველას უნდა ახსოვდეს; 
4. კორუფცია ან პირადი ინტერესების გამო პოლიტიკაში ყოფნა უპატიებელია და თუ ვინმეს სხვაგვარად გონია, ეშლება;
5. საბანკო სექტორი იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც დღეს მუშაობს, პრობლემად იქცა და კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო.

ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება აქტიურ პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისია მმართველი ძალისთვის, რაც ჩემი აზრით აუცილებელი იყო", - წერს ჩუგოშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე