ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 23:00 | 24.07.2018
ნანახია: 707

ოპოზიცია ცოტა მეტად მაფასებს, ვიდრე საკუთარი გუნდი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა დემოკრატიული მართვა ვერ შეძლეს და დღესაც იგივე ძალები ბობოქრობენ, ან ერთკაციანი პარტიები.

„საზოგადოებაზე იმავეს ვერ გადავიტან, მაგრამ ოპოზიცია ნამდვილად ობიექტურად მაფასებს, აფასებს ჩემს როლს. ისინი დაჟინებით მაკრიტიკებენ, რამეთუ, იციან, რომ მე მაქვს რესურსი, საზოგადოება მენდობა და თუ ჩემი პერსონის დაკნინებით შედეგს მიიღებენ, შეუძლიათ, სიტუაცია ამოაყირავონ, რაზეც ხელი ექავებათ. მათ დემოკრატიული მართვა ვერ შეძლეს და დღესაც იგივე ძალები ბობოქრობენ, ან ერთკაციანი პარტიები. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, ელემენტარული ეკონომიკური ანალიზი მაინც გააკეთონ. ამიტომ, ეს ერთკაციანი პარტიები გამოდიან და პირდაპირ მლანძღავენ. შეურაცხყოფას მაყენებენ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებს და ძირითადად, ამით არიან დაკავებული“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, ბრალდებების ნიაღვარი მოდის, მაგრამ ისინი ვერც ერთ ლეგიტიმურ ბრალდებას ვერ დაასახელებენ, რადგან ყველა მოგონილი და გადაბრუნებულია, როცა კარგი გაუკეთებია და ცუდად აფორმებენ, ან საერთოდ, ყურით მოთრეულია, რასთანაც კავშირი საერთოდ არ ჰქონია.

მისივე განცხადებით, თუ რამე კითხვა რჩება, რომ შესაძლოა, რომელიმე კითხვას საფუძველი ჰქონდეს, ის დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა გუნდის ნებისმიერ წევრს ერთად, თუ ცალ-ცალკე.

მისივე თქმით, ამით გუნდსაც ესაუბრება, რადგანაც უხერხულია, გუნდი შეკრიბოს და უთხრას - ადგნენ და ის  დაიცვან.

„ადრეულ პერიოდში, როცა საზოგადოების წევრი ვიყავი, ოპოზიციამ მოახერხა და ჩემს საკითხს ტაბუ დაადო. თუ ივანიშვილზე რამე პოზიტიურს იტყოდი, მაშინვე იტყოდნენ, რომ ივანიშვილი უკვე დიქტატორი იყო. ამ ფონზე, არ მინდა, გუნდის წევრები დავადანაშაულო, რამეთუ, ჩემი დაცვა ასე მარტივი არ იყო. ძველმა გუნდმა, რომელიც ძირითადად, მედიით მართავდა და მათი მართვის ძირითადი იარაღი პიარი იყო, ხელგაწაფულობითა და მოურიდებლობით ყველა ზღვარს გადააჭარბა და ჩემმა გუნდმა ჩემი დაცვა ვერ მოახერხა. ეს პირადად მეც ვერ მოვახერხე. საერთოდ, ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, ნათელაშვილმა რომ შეგაქოს, თავი უნდა მოიკლა კაცმა. მისი გინება საზოგადოებაში შესაძლოა, პოზიტივშიც კი ჯდებოდეს“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე