კონსულტაციების გავლის შემდეგ ვიტყვით, როგორ წარსდგება საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:20 | 24.07.2018
ნანახია: 637

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, ის უნდა იყოს ზეპარტიული. შესაბამისად, პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს, მე ვფიქრობ, კრიტერიუმი. უნდა იყოს სისტემის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და იმ პრინციპების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. ეს უნდა იყოს კრიტერიუმი და არა რომელიმე პარტიის მიმართ ლოიალობა,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ქვეყანას აღარ უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ლოიალური იქნება კონკრეტული პარტიების მიმართ, ისე როგორც ეს იყო გასული ხუთი წლის განმავლობაში.

„გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი. ასეთი პრეზიდენტის გამეორება ჩვენ, ბუნებრივია, არ გვინდა.

შესაბამისად, პარტიის მიმართ ლოიალობა, „ქართული ოცნების" მიმართ ლოიალობა არ იქნება არავითარ შემთხვევაში, ბუნებრივია, კრიტერიუმი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა. დაწყებული ასაკით, დამთავრებული გენდერით. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია. ხდება მხოლოდ და მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შეიძლება, რა თქმა უნდა, დაფიქრება. შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა იმისათვის, რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ჩვენ ქვეყანაში განვითარების პროცესი. სხვადასხვა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დღეს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ინტერვიუ ექნება მედიასთან და შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია გახდეს ცნობილი.

„დღეს იქნება ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ მედიასთან. შესაბამისად, მისგან მოვისმენთ, ბუნებრივია, მის ხედვას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც და ალბათ, ამაზეც გვექნება კონკრეტული ინფორმაცია მოწოდებული მისი მხრიდან. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კომენტარებს, ჩვენ ჯერ გვჭირდება პარტიის შიგნით კონსულტაციების გავლა და ამის საფუძველზე ვიტყვით კონკრეტულად, თუ როგორ წარსდგება ამ არჩევნებში „ქართული ოცნება". სხვადასხვა ვარიანტზე შეიძლება მსჯელობა. რა თქმა უნდა, ამ მსჯელობის საფუძველზე ჩვენ უკვე კონკრეტულ კომენტარებს გავაკეთებთ",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე